"ჩემი ინიციატივით შევწყვიტეთ ხელშეკრულება..." - ადვოკატი დიმიტრი ქუმსიშვილს აღარ დაიცავს

14:29 10-15-2018
324

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს აღარ დაიცავს, – ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მასსა და მის კლიენტს შორის ხელშეკრულება დაახლოებით ორი კვირის წინ შეწყდა.

ადვოკატი აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ხელშეკრულება მისი ინიციატივით გაწყვიტეს.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, მას მიაჩნია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი უდანაშაულოა.

„ვადასტურებ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ესაა კლასიკური მაგალითი მხარეთა შეუთანხმებლობის. ამაზე მეტს ვერ გეტყვით კონფიდენციალობიდან გამომდინარე. ვალდებული ვარ, გითხრათ, დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ყველა საქმეზე, რომელშიც ფიგურირებდა ქუმსიშვილი, მათ შორის, „ომეგას“ საქმეზე. იურიდიული კონსულტაციები გავლილი გვქონდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ჩვენ შორის მოხდა შეუთანხმებლობა. ჩემი ინიციატივით შევწყვიტეთ ხელშეკრულება. დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით და საქმიან ნაწილზე ყველანაირად შეჯერებულები ვიყავით, თუმცა გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, თანამშრომლობა შევწყვიტეთ“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.