დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში კომენტარის გაკეთების გარეშე შევიდა.
დღეს, დეპუტატმა პრაიმტაიმს განუცხადა, რომ მირზა სუბელიანთან შეხვედრა სუბელიანის ინიციატივით შედგა.
დიდი დანაშაულია ასეთი ფარული ჩაწერა. მეც არ მახსოვს, ზუსტად რა ვილაპარაკეთ. კაცი სამარტოო საკანშია, არასერიოზულად ლაპარაკობს. მაგას რომ კითხო, ვითომ ეგ ყოფილა ყველაფერი. ეს შეხვედრა მისი თხოვნით შედგა, ოჯახმა ცალკე მთხოვა, თვითონ ცალკე მთხოვა. მირზა სუბელიანს 50 კაციანი დაჯგუფება ჰყავდაო? კარგით რა, არასერიოზულია. მე პირადად სერიოზულად არ ჩამითვლია მისი საუბარი. დღეს ეს ჩანაწერები გამოაგდეს წინასაარჩევნოდ, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დათო ცუხიშვილი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს საკანში მასთან ერთად არ შესულა.
მასაც პაემანი ჰქონია დანიშნული და მე რომ ვიყავი შესული, მერე მოვიდა, - ამბობს ჯაფარიძე.
რუსთავი 2-მა ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.
სავარაუდო საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
რაც მთავარია, სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.
ჩანაწერის ქრონომეტრაჟის სიდიდიდან გამომდინარე P.S. საზოგადოებას ძირითად ფრაგმენტებს სთავაზობს. პირველ რიგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტს, სადაც მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული - სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე და აქ აშკარაა, რომ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა “დაალაგა.”