ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დაქოქილ თოჯინას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში უდიდესი პრობლემაა, რაც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკავშირდება და ყველა რეზონანსულ საქმეს ფარდა აეხადა:
ეს კაცი რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს ქართულ ოცნებას, მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. მაგრამ, ირაკლი კობახიძის სახით პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა დავინახეთ. ერთი და იმავე გზავნილებით თავს იწონებს. ეს არის პროცესი, როცა თოჯინა ერთსა და იმავე მოქმედებებს აკეთებს, სანამ დაქოქილია. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოჰკითხონ.
კალენდარზე 2018 წელია. ქვეყანაში უდიდესი პრობლემაა, რაც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკავშირდება და ყველა რეზონანსულ საქმეს ფარდა აეხადა. კერძოდ, მტკიცებულებები წამებითა და ცემა-ტყეპით როგორ მოიპოვეს. კობახიძე ივანიშვილს კოჭს უგორებს, რადგან მის მიერ ეს ადამიანები ფინანსდებიან. ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გამო, მის სასახლეზე ერთი სართული დაშენდება.
განა ვერ ხვდებიან, რომ ქვეყანაში პრობლემაა? – იციან, მაგრამ სიმართლე რომ თქვან, მათ ივანიშვილი დაურეკავთ და არ იქნებიან იქ, სადაც არიან. ფარცხალაძის სარდაფი მოქმედებს და სადაც ფარცხალაძის მსხვერპლი ყიფიანი აღმოჩნდა, კობახიძე რატომ არ იქნება. როცა შიდა გუნდური გარჩევები მიმდინარეობს, მათ ისე გაუსწორდებიან, როგორც ყიფიანს.
ეს ადამიანები არიან ტყვეები. ამ ადამიანებისგან არ ვითხოვთ გამოძიებას, შს მინისტრი თავის თავს დაისჯის? - რას იტყვიან ახლა. ბატონმა კობახიძემ რა უნდა ქნას, ხომ არ იტირებდა. მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა – განაცხადა მელიამ მას შემდეგ, რაც ბიუროს სხდომა დატოვა.
კობახიძემ კი მელიას წასვლას ბრძოლის და დისკუსიის ველიდან კიდევ ერთი გაქცევა უწოდა.