ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ვიტალი საფაროვი მოკლეს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი გახლდათ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში ორი პირი მისცა, ერთი განზრახ მკვლელობის, მეორე კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ გარდაცვლილის ახლობლებმა და ოჯახის ინტერესების დამცველებმა გასულ კვირას „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ გამოძიება არაკვალიფიციურად წარიმართა. მათი მტკიცებით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირი რეალურად მკვლელობის თანამონაწილეა, თავად დანაშაული სიძულვილის მოტივით, ქსენოფობიურ ნიადაგზეა ჩადენილი. საფაროვების ოჯახი კვალიფიკაციის შეცვლასა და დამნაშავეების ადეკვატურ დასჯას ითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი, რომელიც საფაროვების ინტერესებს იცავს, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბოლო პერიოდში გამოძიების მიერ დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე საუბრობს და პარალელს ავლებს სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან, მათ შორის ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, გარდაცვლილ არასრულწლოვანს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა უშუალოდ მისი მკვლელობისთვის პასუხისგებაში მხოლოდ ერთი პირი მიეცა და ისიც, სასამართლომ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და საქმე მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ოფიციალურად დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა: ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე, თუმცა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი რამდენიმე პირს წარუდგინეს. ადვოკატი ეკა ქობესაშვილი გამოძიების იგივე ხელწერას ხედავს ვიტალი საფაროვის და თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეებშიც:
– სამწუხაროდ, გამოძიება ამ მიმართულებით ხშირად მიმართავს იგნორის პოზიციას. გამოკვეთენ მკვლელობაში ერთ ბრალდებულს და იმის იქით აღარ კითხულობენ, მის გარდა მონაწილეობდა თუ არა კიდევ ვინმე სხვა. ასეთი საქმეები მიდის სასამართლოში და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ამას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ, რაც, ჩემი აზრით, არასწორია.
– ფიქრობთ, რომ ვიტალი საფაროვის საქმეში შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირი რეალურად მკვლელობის თანამონაწილე იყო?
– დიახ. ეს არაერთი გარემოებით დასტურდება, თუმცა ამ საქმეში შესაძლოა, მეორე პირის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებაც ვერ დაადასტუროს გამოძიებამ, იმიტომ რომ რამდენიმე საათში მოხდა მისი დაკავება, შესაბამისად, გამოძიებას მოუწევს მტკიცება, ჰქონდა თუ არა მას შეტყობინების შესაძლებლობა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მეორე პირი ამ მსუბუქი მუხლითაც კი ვერ დაისაჯოს, მაშინ როცა ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში.
– რა არის ოჯახის მთავარი მოთხოვნა?
– ჩვენ მოვითხოვთ, ეს საქმე დაკვალიფიცირდეს, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ჯგუფური მკვლელობა, ხულიგნური ქვენაგრძნობით. გამოძიებამაც იცის, რომ იქ საუბარი იყო „ქართველობაზე“ და ა.შ. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყიჟინებდნენ, რომ საქართველოში უნდა იყვნენ მხოლოდ ქართველები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს პირდაპირ ემუქრებოდნენ. როგორც ჩანს, ეს მუქარა ქმედებაშიც მოიყვანეს. ეს არის რუსული „სკინხედების“ მსგავსი დაჯგუფება, რომელმაც ქსენოფობიის ნიადაგზე სიცოცხლეს გამოასალმა ახალგაზრდა კაცი. როგორც ჩანს, გამოძიებას არ აწყობს სიძულვილისა და ქსენოფობიის მოტივის გამოკვეთა, ვინაიდან ეს რომ დამტკიცდეს, პასუხისმგებლობის ტვირთი სწორედ სახელმწიფოზე გადავა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
– თქვენ ახსენეთ, რომ გამოძიება ხშირად იგნორის პოზიციას მიმართავს და მკვლელობის თანამონაწილეებს შეუტყობინებლობის მუხლებით ასამართლებენ... სხვა ფაქტი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– ეს ხელწერა კარგად გამოჩნდა ხორავას ქუჩის საქმეზეც. გარდა ამისა, ჩვენ მალე ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობაზე, სადაც ანალოგიური ვითარებაა. 12 ადამიანი ფიგურირებს ამ საქმეში. ბიჭი საკუთარი სახლის წინ სასტიკად დაჩეხეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი პირია პასუხისგებაში მიცემული მკვლელობის ბრალდებით, ისიც გამოძიებას გაექცა და ამჟამად მიმალვაში იმყოფება. მთელი ორი დღე თავისუფლად გადაადგილდებოდა და როდესაც დაჭერის საფრთხე იგრძნო, მიიმალა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ გვყავს ერთი ბრალდებული მკვლელობისთვის და რამდენიმე ბრალდებული – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მაშინ როდესაც გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები სხვადასხვა პირის მიერ აქვს მიყენებული.
– რითი ხსნით გამოძიების ასეთ მიდგომას?
– ეს გარემოება აიხსნება იმით, რომ გამოძიებას აქვს დაბალი სტანდარტი დაწესებული. შსს სტანდარტის აწევას რატომღაც არ აპირებს, რადგან ამას უფრო მეტი ძალისხმევა და უფრო მეტი კვალიფიკაცია სჭირდება. ჩემი სუბიექტური აზრია ეს. როდესაც სახეზე გვყავს გარდაცვლილი, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ მთელი პასუხისმგებლობა მიემართება მხოლოდ ერთი პირის მიმართ, სამართლიანად, ან შეიძლება უსამართლოდაც, დანარჩენი ფიგურანტების კვალზე გასვლა კი გამოძიებისთვის უკვე აღარ არის საინტერესო. მთავარია, ერთმა მაინც აღიაროს მკვლელობა და საქმე გახსნილად გამოცხადდეს. დღეს მოდაში შემოვიდა შეუტყობინებლობის, ანუ მსუბუქი მუხლით, იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებებიც, რომ ის შესაძლოა, იყოს მკვლელობის მონაწილე.
– თუმცა მოდით, შევთანხმდეთ, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა ჩვენი საზოგადოების მენტალური პრობლემაა და რა გასაკვირია, რომ ამ ბრალდებით არაერთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა ხდება...
– კი, ბატონო, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, ცხადია, უნდა არსებობდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა და საზოგადოებაში არსებული მენტალური პრობლემა გამოძიებასთან ართანამშრომლობისა აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა მრჩება განცდა, რომ დღეს საგამოძიებო ორგანოები ამ მუხლს ეფექტურად იყენებენ საკუთარი არაკომპეტენტურობის გადასაფარად. გამოძიება თუ არ ეცადა, მოიპოვოს მტკიცებულებები საქმის სხვა ფიგურანტების შესახებ, ცხადია, თავისით არავინ გამოცხადდება და არ იტყვის, მეც დამსაჯეთო.
„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიტალი საფაროვის მკვლელობას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ძიების პროცესში საქმე 109-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდეს (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა). არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ბარებში (მკვლელობის ადგილას) ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფებები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ორგანიზაცია ბარებში მომუშავე პერსონალზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო ადგილზე არაერთი ინციდენტიც მომხდარა.
„ყველა უცხოელის მიმართ აგრესია ჰქონდათ, კასტეტებით, დანებით, რკინის ჯაჭვებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, ბოთლებს ესროდნენ მანქანებს, ბარმენებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ჩხუბებს ტეხდნენ, სიამაყით ჰყვებოდნენ, როგორ სასტიკად სცემდნენ უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში“, – იხსენებს TDI-ის წარმომადგენელი ბარის თანამშრომლის ნაამბობს.