ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერები, რომელიც "რუსთავი ორმა" გაავრცელა, ფარსია, რომელიც წინასაარცევნოდ დადგეს.
"საქმე გვაქვს ერთი ადამიანის მონაყოლთან, რომლის ავთენტურობაც დასადგენია. ერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას აქვს მონაწილეობა მიღებული ორგანიზებულ, მართლაც სისტემური დანაშაულის ნიშნების მატარებელ ქმედებებში. ჭეშმარიტების პატარა მარცვალიც რომ იყოს მთელ ამ საუბარში, საზოგადოებისთვის ეჭვის ნატამალი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ „საქმენი საგმირონი” იყოს გამოძიებული ბოლომდე.
ამ ფარსის დამდგმელებს უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ პირველად ტრაგედია იყო და ახლა ფარსია. ფარსი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება, არის ის, რომ დააჯერონ მოსახლეობა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ რეალურ ტრაგედიებს, წამებას, ათიათასობით ადამიანისთვის ქონების წართმევას, ბიზნესების დაშანტაჟებას ახლაც სისტემური ხასიათი აქვს და „ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი სისტემა და ხალხი. ეს არის დასადგენი სწორედ. ათიათასობით ადამიანი რომ იყოს დაშანტაჟებული, წამება რომ ხდებოდეს, ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდებოდა.
სისტემურ დანაშაულზე, ჩემი აზრით, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ თუნდაც ერთი ფაქტი რომ იყოს ასეთი, თუნდაც ერთი ადამიანის წამება, ერთი მოწმისგან ძალადობით მიღებული ჩვენება, უმკაცრესი რეაგირება უნდა მოყვეს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ეს გააკეთა.
ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რათა ამ ქვეყანაში არასდროს გამეორდეს ის, რა კოშმარშიც გვიწევდა ცხოვრება”,- განაცხადა ზოიძემ.
აკაკი ზოიძის თქმით, პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს:
„ჩვენ ვიხმართ ყველა ბერკეტს, რაც პარლამენტს გააჩნია. იქნება ეს მინისტრების დაბარება, თუ ზედამხედველობის სხვა მექანიზმი. შევიკრიბებით უმრავლესობასთან ერთად და ჩამოვყალიბდებით" - დასძინა ზოიძემ.