ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში შეგნებულად არის „გაშავებული“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ზაზა სარალიძის გაშავება არის ამ დადგმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ამოცანა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პროკურატურის და ხელისუფლების აბსოლუტურად ამორალურ და დამნაშავეობრივ სახეს, შვილმოკლულ მამას, რომელიც მთელი ეს თვეებია გამოხატავს პროტესტს და დიახ, ჩვენ მას ამ პროტესტის გამოხატვაში გვერდში ვუდგავართ და ყოველთვის და ყველანაირად დავეხმარებით, ცდილობენ, რომ ის გამოიყვანონ კორუფციის, მოსყიდვის, შანტაჟის და ა.შ. მსხვერპლად თუ ავტორად, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამარცხვინოა და ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აუდიოჩანაწერი, პროკურატურის ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“