პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძე ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საზოგადოების ნაწილს ისედაც ჰქონდა ეჭვები, ახლა კი დადასტურდა.
როგორც იქნა, საქმე გაიხსნა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლა 2011 წელს დაიწყო და არც ერთი დღე არ გაჩერებულა, რადგან „ნაციონალები“ მუდმივად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას ლაფი შეასხან.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დადასტურდა ის, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა და არსებობდა სერიოზული ეჭვები, რომ ეს ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის მიერ შეკვეთილი მკვლელობა იყო - განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.
ჩატარებული გამოძიებით კი დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერია, სადაც კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს განიხილავენ.
კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.