პოლიტოლოგი და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ კუდ-ის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
როგორც გია ხუხაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ის, რომ ბიზნესმენის ლიკვიდირებაში ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული, ახალი არ არის, თუმცა საინტერესოა, რატომ აღმოაჩინეს მანცდამაინც ახლა ჩანაწერები მაშინ, როდესაც ამდენი წელი თაროზე იდო.
"ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციით რომ დაინტერესებული იყო ბევრი ადამიანი, ახალი არ არის. ბევრი ამზადებდა ამას, მაგრამ საკუთრივ, სხვა საკითხია, ამას აქვს თუ არა ბადრის მკვლელობასთან შეხება. დღეს რა კვალიფიკაციითაც არის ეს საქმე დაწყებული, ნამდვილად ასეა, მაგრამ ერთია საუბარი და მეორე - შესრულება. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამას. ამდენი წელი თაროზე იდო ჩანაწერები და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს ყოფილა. ამის გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, ასე რომ, რა მეთქმის. ის, რომ ჰქონდათ განწყობა ბადრის ლიკვიდაციასთან, თავისთავაც დანაშაულია, შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამას იყენებს პოლიტიკისთვის და არა იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. ბევრი ის ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრის წინააღმდეგ ასეთ სიბინძურეს, ესეც ხელისუფლებაშია მოკალათებული, ისინი მომიკითხონ პროკურორებმა, მათ შორის პროკურატურაშიც ბევრია ასეთები, რომლებიც შესაძლოა ბადრის მკვლელობის ირიბი მონაწილეები იყვნენ. ვგულისხმობ მთლიანად სისტემას, რადგან მთელი სისტემა იყო ამაში ჩართული და ბევრი "ღირსეული" წარმომადგენელი დღესაც ძალიან კარგად გრძნობს თავს სამართალდამცავ, თუ სხვა სტრუქტურებში, მათ შორის პარლამენტში თავს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა სახელდება. ოჯახის სხვა ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, ის იყო სრულიად ჯანმრთელი. პატარკაციშვილი 52 წლის იყო.