სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, პირველ კომენტარს აკეთებს.
"ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საქმე. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს, რომელ დაწესებულებაში უნდა ყოფილიყო განთავსებული, საუბარი იყო მე-9, ან მე-8 დაწესებულებაზე. დამერწმუნეთ, წინასწარი პატიმრობა არის სტრესი ყველა პატიმრისთვის და ცდილობს ყველა პატიმარი და იმედი აქვს, რომ განთავისუფლდეს", - განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება კომპრომატებს, კახიშვილი ამბობს, რომ იმ დროს ის მაღალჩინოსანი არ ყოფილა და ლალი მოროშკინასთან საუბარი არ ყოფილა.
"რათ მინდოდა რაიმეს დარალება, როდესაც ვიყავი ექსპერტი, ვიყავი გახსნილი და შემეძლო მედიაში მეთქვა ის რასაც ვფიქრობდი და ლალი მოროშკინასთან რამის თქმა არ დამჭირდებოდა" - აცხადებს კახიშვილი "კურიერთან".
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე იგი იმყოფებოდა კახიშვილთან და შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.