ვინ არის გავრცელებულ ჩანაწერში ნახსენები "გიო" და რა ურთიერთობა ჰქონდა მას მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძესთან - ამ თემაზე განმარტებები ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მირზა სუბელიანს არანაირი კომპრომატი არ გააჩნია და ამ ჩანაწერებით მის გატეხვას ცდილობენ.
"მირზას რომ ჰქონოდა რამე ჩანაწერი, ან ნდომოდა, ამას წინასაარჩევნოდ არ მოვისმენდით. არ აქვს, რადგან უბრალოდ არ აგროვებდა კომპრომატებს. იმიტომ, რომ მირზასთვის, როგორც სვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური პრინციპი - კლანური პრინციპი. მირზა სუბელიანი - სვანი, ვიქტორ ჯაფარიძე - სვანი და მათი ძალიან ახლო, ოჯახის წევრი გიო, რომელიც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, ეს არის, აწ გარდაცვლილი, ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ავალიანი" - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
მისივე თქმით, სვანები არასდროს არ არღვევენ მთავარ პრინციპს, მთის პრინციპს:
"მირზა სუბელიანი, რომელიც გაიზარდა გიორგი ავალიანთან ერთად, მან ვერასდროს ვერ ჰკრა მას ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხაზზე იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მორალი ჰქონდათ - ერთი იყო ე.წ პაგონიანი, მეორე - შავი სამყაროს წარმომადგენელი, მაგრამ მათ ყველას აერთიანებთ მთა, პრინციპი, ვაჟკაცური სული" - ამბობს მოროშკინა.
ავალიანი ქურდად საბერძნეთში მონათლეს. მისი ციხეში ყოფნის დრო ათვლას წინა ხელისუფლების პერიოდში, 2006 წლიდან იწყებს. ბაჩო ახალაიასთან უთანხმოების შემდეგ ავალიანს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ მოხდა ციხის ბუნტი და მისმა სასჯელმა 26 წლამდე აიწია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი შეკრებითობის პრინციპით ავალიანმა ციხე დატოვა, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში მას ქვეყნის დატოვება მოუწია. ავალიანი საბერძნეთში, როგორც ამბობენ, ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა, რასაც მეგობრები და ახლობლები არარეალურს უწოდებენ.