დესტაბილიზაციის რა სცენარზე საუბრობს რამაზ საყვარელიძე (exclusive)

15:56 10-18-2018
533

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "რუსთავი 2"-თან ერთად ნამდვილად აქვს დესტაბილიზაციის გეგმა.

პოლიტოლოგს სჯერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია გააჩნია ამ საკითხზე და რეკომენდაციებსაც იძლევა:

"გადატრიალება არა, მაგრამ დესტაბილიზაცია მე მგონი იგეგმებოდა და იგეგმება კიდეც. თუ დესტაბილიზაცია გადატრიალებამდე მიიყვანს პროცესს, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც ეს ინტერესი გააჩნია, უფრო სასარგებლო იქნება. ამდაგვარი გეგმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" იკითხება, რადგან "რუსთავი 2" მათთან ერთად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გენერატორია, ინფორმაციის გენერატორია, რომ ხდება უსამართლობა, დაიხურა მედია და ა.შ, პოლიტიკური ლიდერებიც "რუსთავი 2"-თან აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რომ გაყალბდება ხმები და თუ გაყალბდება, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. იმეორებენ 2003 წლის სცენარს" - განუცხადა "პრაიმტაიმს" საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ყვება, რომ ნაციონალებმა გეგმის განხორციელება, როგორ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ დარღვევებით წარიმართა არჩევნები და გაყალბდა ხმები, უკვე დაიწყეს:

"ნაციონალები უკვე ამზადებენ დოკუმენტებს და აქტივისტებს ავალებენ 10-10 საჩივარი უკვე დაწერონ. არჩევნების დროს კი დაამატონ კიდევ მეტი. ერთ-ერთ გამომძიებელ ჟურნალისტს ჩანაწერის დონეზე მოუპოვებია ინფორმაცია, რომ თითოეულმა უნდა მოიტანოს 10-10 დოკუმენტი და შემდეგ ინტერვიუ აუღიათ ამ აქტივისტებისგან, თუმცა მათ ვენები გადაუჭრიათ, რომ ასე არ არისო" - განუცხადა "პრაიმტაიმს" საყვარელიძემ. 

საყვარელიძის რჩევით, იმისთვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, საკუთარი გეგმის განხორციელება ვერ შეძლოს, აუცილებელია არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სუფთად.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოში, ყველაფერი არჩევნებიდან გამომდინარეობს.

მისი თქმით, ყველა ის საქმე, რომელიც დღეს ასე განიხილება სხვადასხვა არხებზე, სხვდასხვა ტელეარხებზე სხვადასხვა ინტონაციებით და რეგისტრებით, გამომდინარეობს და შედის იმ პოლიტიკურ ინტერესებში, რომელსაც უნდა რომ დაძაბულობის და ტემპერამენტულობის გაზრდის შედეგად მიაღწიოს რაღაც შედეგებს. 

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა, დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“ - განაცხადა გახარიამ.

 

ავტორი: