ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - მგონი არალოგიკურია - ასე ეხმაურება სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს.
"ჩანაწერებს მოვუსმინე და ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ საუბარია, ბატონი მირზა სუბელიანი არ იყო კმაყოფილი საპატიმრო პირობებით. შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას გვქონდა შეხვედრა და მოვილაპარაკეთ. მგონი ლოგიკას თუ გავყვებით, არ შეესაბამება ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს. ერთი მხრივ მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში როგორც არის ყველა პატიმარი.
მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში, ყველას აქვს ნორმალური პირობები, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები, მაგრამ განსაკუთრებული პირობები ნამდვილად არავის არ აქვს და ამის შესახებ თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში. რაც შეეხება 2013 წლის ეპიზოდს, მგონი ყველა მიცნობთ იმ წლებში და იცით, რომ მედიასთან კომუნიკაცია არ მაკლდა და სათქმელს მედიაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი. რამდენიმე სტატიაც იყო მოყვანილი, სადაც ვსაუბრობდი და ვაკრიტიკებდი კონკრეტულად რაღაც გადაწყვეტილებებს იმდროინდელ პენიტეციურ სისტემაში.
ასე რომ, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ერთი, არასდროს არ მქონია შეხვედრა მირზა სუბელიანთან დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს და არც დაკავების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მინისტრი, სრული უფლება მქონდა შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს. მეორე მხრივ, ჩემამდე არასდროს არ ყოფილა მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც ის იყო განთავსებული მე-8 დაწესებულებაში. მესამე, მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - მგონი არალოგიკურია ეს.
ჩემი გაჩუმება არავის არ გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა არავისგან. არანაირი მუქარა მათ შორის მირზა სუბელიანისგან არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან", - განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე იგი იმყოფებოდა კახიშვილთან და შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.