ზურაბ აბაშიძე: განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი - გავრცელებული ინფორმაციები საფუძველსაა მოკლებული

11:26 10-19-2018
97

ვლადიმერ პუტინის განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ცდების ჩატარების შესახებ ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალეა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ, აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სრული ტრანსპარეტულობის რეჟიმში. რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ლაბორატორიაში ე.წ. დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ექსპერტები, მეცნიერები მათ შორის რუსეთიდან. მისი კარი ყოველთვის ღიაა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ტარდება სემინარი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მოწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი. საერთოდ ეს კამპანია ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ეს დაკავშირებულია მათ ურთიერთობებთან თუ კონფრონტაციებთან დასავლეთის ქვეყნებთან“, – განაცხადა აბაშიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქართული მხარე უახლოეს დღეებში ოფიციალური მისიის ჩამოსვლისა და ცენტრის საქმიანობის შესწავლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ვალდაის ფორუმზე იგორ გიორგაძის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე, ამ უკიდურესად სენსიტიურ სფეროში მოქმედების ერთიანი წესების შემუშავება აუცილებელია.

ავტორი: