დედაენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი და ღონისძიების საწინააღმდეგო აქცია: "არა სიკვდილის ფესტივალს" გაიმართება

09:45 10-20-2018
85

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე ხუთის ოცი წუთიდან მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, დედაენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს ჩაატარებს. 

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან და გაატარონ კარგი დრო.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში კანაფის მოხმარება ლეგალურია.

მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიოში პირველად ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. 

თუმცა ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მოხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ.

სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ.
სასამართლო გადაწყვეტილების ვერგაგებამ ან მის შინაარსზე შეუთანხმებლობამ არ შეიძლება ჩვენს უფლებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამით ირღვევა სასამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ კი გვინდა ვნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურ მოქმედებაში, ვფიქრობთ, სწორად გვესმის მისი შინაარსი და შეგვიძლია აღვასრულოთ კიდეც სამართლიანად.

აი, რას ვფიქრობთ გადაწყვეტილებაზე:

მივიჩნევთ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის (ან თუ მცენარეების მოვლა არ გიზიდავს და არც ამის პირობები გაქვს, შეიძინო ის სხვა ადამიანებისგან), ლეგალურად და ცივილურად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.
სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. 

20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში, 4:20 სთ-ზე შევიკრიბოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა სწორად განვმარტოთ სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე.

დრომ და გარემოებებმა შექმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს არის თავისუფლება და სინათლე, ხოლო მეორე მხარეს მონობა და სიბნელე. და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მათ შორის ხაზი სწორედ კანაფზე გაივლო. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი ადამიანებისა და სინათლის დამარცხება შეუძლებელია, თუ ეს ადამიანები თავად არ დანებდებიან. ეს ბრძოლა მოსაგებია თუ თავისუფლებისთვის სხვა ბრძოლების მოგებაც გვინდა! - აცხადებენ გირჩში.

მათივე ინფორმაციით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო. 

მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავი ე.წ. ფესტივალის გამართვას შსს როგორც რამდენიმე დღის წინ, ასევე დღესაც გამოეხმაურა და ,,გირჩის” წევრებს შეახსენა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. სასჯელის ზომა კი განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ამასთან, პარალელურ რეჟიმში დაანონსებულია აქციაც, სახელწოდებით არა სიკვდილის ფესტივალს, რომელსაც ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება 15:00-დან აანონსებს.

ავტორი: