23 წლის გიორგი დეკანოსიძის გატაცებაში ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
საქმეზე ამ დროისთვის 10 პირია დაკავებული. გატაცების ორგანიზატორები კი ცოლ-ქმარი, მარინა და მამუკა ესაძეები არიან. დაკავებულებს შორის არიან, როგორც იმ სახლის მეპატრონე, სადაც გატაცებულს მალავდნენ, ასევე, მარინა ესაძის შვილი ნიკა ქავთარაძე და სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ გატაცებული ახალგზარდა დაჯგუფების წევრებთან ერთად თბილისიდან წყალტუბოში ჩაიყვანა.
როგორც ირკვევა, ბიზნესმენის შვილი, 23 წლის გიორგი დეკანოსიძე ცოლ-ქმარმა თანამზრახველებთან ერთად თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გაიტაცეს და წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ერთ-ერთ სახლში მიიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული ცოლ-ქმარი ბიზნესმენის შვილის გატაცებას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ. გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისინი რუსეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოფრინდნენ. გამტაცებლები ბიზნესმენს 3 მილიონ ლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახს, შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გატაცებული თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სახლიდან პოლიციამ ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო.