ცესკო არჩევნებისთვის მზად არის

10:34 10-22-2018
144

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

საარჩევნო კამპანია სულ რამდენიმე დღეში დასრულდება და თითოეული მოქალაქე საარჩევნო ყუთთან საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. ცესკოს პროცედურებითაც კი კარგად ჩანს, რომ, სირთულეების მიუხედავად, საქართველოში არჩევნები სულ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული ხდება.

თუ ადრე უნდობლობის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ საარჩევნო ბიულეტენებსაც კი საზღვარგარეთ ბეჭდავდნენ, დღეს უკვე საქართველოში იბეჭდება. თუმცა, მარკირების პროცესი საქართველოში ჯერ ისევ მიმდინარეობს.

როგორია საარჩევნო დღე, როგორ ემზადება ცესკო ამ დღისთვის და რა რეგულაციებია მოსალოდნელი ახლო მომავალში? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „პრაიმტაიმს“ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეში უკვე არჩევნებია. გაქვთ უკვე წარმოდგენილი, როგორი იქნება ეს დღე?

– ის, რომ ამ დღემ ისე ჩაიაროს, როგორც ამას ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, უამრავი შრომაა ჩადებული. ლოგისტიკური თუ სხვა მიმართულებით მზადება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე მთავრდება მეოთხე ეტაპის ტრენინგები საარჩევნო კომისიის წევრებისთვის – სამი ეტაპი უკვე გავლილია, სახელმძღვანელოები დაბეჭდილია, ისევე როგორც ყველა სხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების ენაზე. ასევე, შემუშავებულია და ახლა მიმდინარეობს ტრენინგები პოლიციის ძალების, რასაც ჰქვია „არჩევნები და უსაფრთხოება“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოდული. უკვე მესამე არჩევნებია, ჩვენ და შსს მემორანდუმის ფარგლებში ვმოქმედებთ და როგორც საარჩევნო ადმინისტრატორები, ისე პოლიციელები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ, ტრენინგების სახით, იმაზე, რა არის მათი უფლებამოსილება, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი უსაფრთხო გარემო არჩევნებზე, რომ ამომრჩეველმა უსაფრთხოდ და თავისუფალ რეჟიმში გააკეთოს არჩევანი.

– შეიძლება, შსს-ს ჩართულობაზე უფრო მეტი დეტალი გვითხრათ?

– ეს პროცესი 2016 წელს დავიწყეთ, ცნობილი შუალედური არჩევნების შემდეგ, გახსოვთ, კორცხელის ინციდენტს ვგულისხმობ. ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის, როგორიც არის არჩევნები და უსაფრთხოება, – არ არსებობს მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ამ სტანდარტზე ძალიან მნიშვნელოვნად არ მუშაობდნენ, – წინ წამოწევა და მასზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, 2016 წელს ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელი ექსპერტები და შსს-თან ერთად შევქმენით ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც ამ ორმა ინსტიტუციამ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები, როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლის უფლება, უსაფრთხო და სანდო გარემოში გააკეთოს არჩევანი.

ამ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ტრენინგმოდული რომლითაც ტრენინგდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. პოლიციელებმა ზუსტად იციან თავიანთი ფუნქციები და მოვალეობები: რა დროს უნდა გამოჩნდნენ, რა არის მათი უფლებამოსილება საარჩევნო პროცესში. მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრატორებმა, ასევე, ზუსტად იციან, რა დროს, რა ვითარებაში და როგორ უნდა მოიწვიონ პოლიციელები შესაბამისი კონფლიქტური ვითარების გასანეიტრალებლად. აი, ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ 2017 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ NDI-ს კვლევაში ჩვენი ამომრჩევლის 93% ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე გარემო იყო უსაფრთხო, სანდო და მათ ასეთ გარემოში გააკეთეს საკუთარი არჩევანი. რაც თავისთავად ამ მიდგომის წარმატებულობაზე მეტყველებს.

– განსაკუთრებულად დაძაბულ არჩევნებს ვუახლოვდებით თითქოს, თუმცა, საქართველოში ყველა არჩევნები ასეთ შეგრძნებას იწვევს. და მაინც, ამ არჩევნებისთვის საგანგებოდ ემზადებით თუ თქვენთვის ყველა არჩევნები ერთნაირი დატვირთვით გამოირჩევა.

– ნამდვილად ასეა, ყველა არჩევნებს აქვს თავისი სპეციფიკა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი ორგანიზებისას. რაც შეეხება გენერალურ მომზადებას, ეს ყველა არჩევნებზე ერთი და იგივეა, იმიტომ რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ყველა არჩევნები ერთი და იგივეა. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი კეთდება უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება ნების თავისუფლად გამოხატვისა. სხვა მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ერთი კია, ჩვენ ამ წლისთვის ეუთოს შარშანდელი რეკომენდაციებიდან ძალიან ბევრი რამ გავითვალისწინეთ. შევცვალეთ ტრენინგებისადმი მიდგომა, რათა კიდევ უფრო მეტად პროფესიულად დატრენინგებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გვყოლოდნენ.  ბევრი სიახლე შემოვიღეთ და ამ სიახლეების ერთობლიობით ვფიქრობთ, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები მზად იქნებიან, 28 ოქტომბერს კიდევ ერთი წარმატებული არჩევნები ჩაატარონ. 

– ყველანაირი საუბარი ტრენინგებზე, უსაფრთხოებასა და ნდობის ამაღლებაზე, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რამდენად ფუჭი შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კვლავ და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე აპელირებით? რას ეტყვით ამომრჩეველს? რა მიცავს გაყალბებისგან?

– მე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ პოლიტიკოსების შეფასებებზე კომენტარს, იმიტომ რომ არ მგონია და არცერთ ეტაპზე არ მჯერა, რომ საარჩევნო ადმინისტრატორის, ამ ნეიტრალური არბიტრის საქმეა პოლიტიკოსების გამოსვლების შეფასება, მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. 

ამომრჩეველს კი ვურჩევდი, გავეცნოთ ნეიტრალური არბიტრების დასკვნებს, რას ამბობენ იგივე ეუთოს, NDI-სა და ის სხვა დამკვირვებლები, რომლებსაც არჩევნების მიმართ პოლიტიკური ინტერესები არ აქვთ. თუ გადავხედავთ 2014 წლიდან მოყოლებულ არჩევნებს, თუ ბოლო არჩევნებზეა საუბარი, ვნახავთ, რომ არცერთი ავტორიტეტული, ნეიტრალური დამკვირვებელი არათუ სიტყვა „გაყალბებას“, არამედ პროცესთან რაიმე საეჭვო კითხვის ნიშანსაც კი არ სვამს არცერთ დასკვნაში. მეტიც, ეს შეიძლება ფართოდ ცნობილი არ არის,  2016 წელს ამერიკულმა კომპანია CRRC-მ (კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი), USAID-ის (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით ჩაატარა სტატისტიკური კვლევა საქართველოს არჩევნების შედეგებზე, რაც ნიშნავს ამომრჩეველთა გამოცხადების ციფრების კვლევას მთელი საქართველოს უბნების მასშტაბით – ხომ არ იყო რაიმე იქ საეჭვო – და შემიძლია სიამაყით ვთქვა, ყველას შეუძლია ეს ნახოს, საქართველოს საუბნო საარჩევნო კომისიების ნულ პროცენტშია საეჭვო გამოცხადება.

ასე რომ, ყველას ვურჩევ, მოდით ვნახოთ ციფრები და ფაქტები. ამის გარდა, თქვენ თუ ნახავთ 2017 წლის მუნიციპალური და 2016 წლის საპარლამენტო გამოკითხვებს, იქ კითხვაზე: ვის ენდობა ამომრჩეველი ყველაზე მეტად არჩევნების შედეგების გამოცხადებისას? ნახავთ, რომ არის ორი პასუხი: საკუთარ თავს და შემდეგ უკვე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვფიქრობ, მიუხედავად ამ ძალიან ბევრი საუბრისა, ამომრჩეველი კარგად ხვდება, რომ გაცილებით ძნელია ციფრებთან და სტატისტიკასთან ოპონირება.

შედეგების მიღებიდან გამოცხადებამდე ყველა პროცესი იქნება გახსნილი.

– მე ბევრი ინტერვიუ წამიკითხავს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეები თამამად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს კანონმდებლობასთან ან გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც, მათი აზრით, უნდა შეიცვალოს, რადგანაც პრაქტიკაში ხვდები, რა როგორ შეიძლება შეიცვალოს პროცესის უკეთ წარსამართავად. თქვენ თუ გაქვთ საკუთარი შეხედულებები – რა გახდიდა პროცესს უფრო პოზიტიურს?

– ჩვენ არა მხოლოდ ვფიქრობთ ამაზე, არამედ ყოველი არჩევნების შემდეგ ვაკეთებთ ანალიზს, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებითაც. ყოველი ახალი არჩევნების წინ საარჩევნო ადმინისტრაცია საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ხოლმე საკუთარი წინადადებების საკანონმდებლო პაკეტს. ასე მოხდა ახლაც. ინიციატივები მხოლოდ კანონის ტექნიკურ მუხლებს ეხება, ის ადმინისტრირებას არ ეხება – ჩვენ არასდროს ვეხებით ე.წ. პოლიტიკურ მუხლებს, სადაც საუბარია სხვადასხვა საარჩევნო სისტემაზე – როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა და ასე შემდეგ.

ძალიან პატარა მაგალითს მოგიყვანთ. 2017 წელს იყო საუბარი ე.წ. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემის ამოწერის თემაზე. გახსოვთ, ალბათ,  ძირითადად თბილისში, დამკვირვებლები, სხვადასხვა წარმომადგენლები თითქოს ამომრჩევლის მონაცემებს იწერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო აკრძალვა არ იყო,  პრობლემა დავინახეთ და საკანონმდებლო წინადადების სახით შევედით პარლამენტში. შედეგად დღეს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავება აკრძალულია საარჩევნო უბანში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მეტსაც გეტყვით, ამ არჩევნების წინ ჩვენ საკანონმდებლო პაკეტში, ეუთოს რეკომენდაციების თანახმად, ვეცადეთ და ვიფიქრეთ, რომ რაც შეიძლება გაგვემარტივებინა საარჩევნო პროცედურები, განსაკუთრებით კენჭისყრის დღეს, იმიტომ რომ ჩვენს საარჩევნო კოდექსში ძალიან ბევრი ისეთი რეგულაციაა, რომლებიც, ჩემი განცდით, ზედმეტია და ის აფერხებს საარჩევნო პროცესს. გამოვდიოდით რა  ეუთოს რეკომენდაციიდან, ბევრი წინადადება მოვამზადეთ. თუმცა ამ ეტაპზე, პარლამენტმა, ყველამ, ასეთი ტიპის გამარტივებაზე უარი თქვა. მე მაინც მჯერა, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესს განსაკუთრებით კენჭისყრის დღეს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს სჭირდება გამარტივება. 2019 წელი, მოგეხსენებათ, არასაარჩევნო წელია და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი საკითხების ირგვლივ მსჯელობა გაგრძელდება.

– პირადად მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ...

– მსოფლიოში სხვადასხვა გამოცდილება არსებობს. გარდამავალი ან ახალი დემოკრატიის საარჩევნო ადმინისტრაციებში თითქმის ყველგან ნახავთ პარტიულ წარმომადგენლობას...

– ეს უნდობლობის მანიშნებელია?

– პირიქით, იმის მანიშნებელია, რომ, მე რომ ვესწრები და ვხედავ, სხვაც რომ ესწრება და ხედავს, რაღაცნაირად აბალანსებს სიტუაციას. სხვათა შორის, სულ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ყველაზე ხშირად შეხვდებით მხოლოდ პარტიულ საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ გვქონდა 90-იან წლებში ასეთი სისტემა. შემდეგ იყო მცდელობა (ძალიან ცოტა ხნით) მთლიანად პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნისა, თუმცა, საბოლოოდ ამ პროფესიულს დაემატა, ასე ვთქვათ, პარტიული წარმომადგენლობა და ჩვენ დღეს ვართ  შერეული ადმინისტრაცია. ასეთი ბევრია.

ვფიქრობ, გარდამავალი ქვეყნის დემოკრატიებში ეს მოდელი წარმატებულად მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ სანდოობა ამ პირობებში მიღწევადია. და ეს რომ მიღწევადია, ამას საქართველოს მაგალითიც ადასტურებს და ამას მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას რეგიონში ლიდერის სტატუსი უკვე დიდი ხანია დამკვიდრებული აქვს, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია  ერთ-ერთი წარმატებული ტრანსფორმაციის მაგალითია მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, აქ  მთავარია არა კომპოზიცია, არამედ სტრატეგია: როგორ ვმუშაობთ, რამდენად გამჭვირვალე  პროცესებია და ასევე, მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა პროცესში. ეს ყველაფერი სანდოობას ზრდის. 

– რა კეთდება იმისთვის, რომ საარჩევნო აქტივობა გაიზარდოს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით. უფრო მეტად კი იმ სეგმენტის მოსაზიდად, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში.

– ჩვენ ვახსენეთ ანალიზი და ცესკო ყოველი არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ საკუთარ მუშაობას აფასებს, არა მხოლოდ კოდექსის ავკარგიანობაზე მსჯელობს, არამედ სწავლობს ყველა პარტნიორის დასკვნას, ყველა პარტნიორის გამოკითხვას, შენიშვნასა თუ სხვა მოსაზრებას, რომელიც შეიძლება საარჩევნო პროცესის განვითარებას წაადგეს. ერთ-ერთი ასეთი იყო NDI-ს კვლევა, რომელიც იკვლევდა არჩევნებში გამოცხადების სხვადასხვა პროცენტებს და ამ კვლევაში ასე პირდაპირ არ ჩანდა, მაგრამ ჩვენი რესურსებით ამოვიღეთ სტატისტიკა და ვნახეთ, რომ 2012 წლიდან, ვიდრე ამ არჩევნებამდე, 35 წლამდე სეგმენტის არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი ნელ-ნელა იკლებს. ეს შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული. თუმცა, გამოცხადების პროცენტი დრამატულად არ იცვლება. დავინახეთ რა ჩვენ ეს ტენდენცია, საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად, წელს პირველად 18 წლის ამომრჩეველმა მიიღო ცესკოს თავმჯდომარის სპეციალური წერილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოკლედ არის ახსნილი, რა სოციალური მოვლენაა არჩევნები და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებითი მოტივაცია იქნება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ არჩევნების შემდეგ ვეცდებით, დავადგინოთ, რამდენად იქონია ახალგაზრდებთან ასეთმა კომუნიკაციამ გავლენა.

ასევე, ახალგაზრდებისთვის უნიკალური სიახლე გვაქვს. უნივერსიტეტებში გამოვაკარით სწრაფი რეაგირების პოსტერები, რომლებზეც დატანილია აპლიკაცია და  ყველა სმარტფონში გადადის. ამ აპლიკაციებით ისინი ჩვენს გვერდზე გადმოდიან, სადაც მათთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაციას იღებენ. 

– რაც შეეხება მარკირებას, არ ფიქრობთ, რომ ეს უკვე მოძველებული მეთოდია და უნდა შეიცვალოს?

– პროცედურული თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის, თუ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ აღარ იყოს მარკირება. ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი დონის არჩევნები ჩავატაროთ. მარკირების პროცედურა, ალბათ, უფრო სანდოობას უკავშირდება. მე მაინც მგონია, რომ ამ პროცედურამ თავის დროზე თავისი მისია შეასრულა. ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც ადრე კარგი იყო, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება იმსჯელო რაიმე ახალსა და უკეთესზე. ამიტომაც,  ვფიქრობ, რომ 2019 წლის კონტექსტში... ითვლება, რომ ეს არასაარჩევნო წელია. მართალია, გაზაფხულისთვის შუალედური არჩევნები იქნება, რამდენიმე მერის გადადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ დიდი ეროვნული არჩევნები არ ჩატარდება.  ასე რომ, ყველა ჩართული მხარისთვის ეს არის ერთგვარი საშუალება, დავსხდეთ და წყნარად ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ის სფერო და ადგილი საარჩევნო პროცესში, რომელიც შეიძლება განვითარდეს.

სხვათა შორის, ცაისში ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და შუალედური არჩევნების დროს, სამ უბანზე ხმები დავითვალეთ მანქანების საშუალებით. ამ სისტემაში ყველაფერი კოდირებულია და ამომრჩევლის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ასე რომ, 2020 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ.

– რაც შეეხება სიებსა და ამომრჩევლის რაოდენობას...

– იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ჩვენ მოგვაწოდა ამომრჩეველთა მონაცემები. სამი მილიონ ხუთას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი (3 558 437) მონაცემი გვაქვს. ახლა ეს მონაცემები ჩვენს სამსახურში მუშავდება. შესაბამისად, აქ არის სტატუსები. მაგალითისთვის გეტყვით. ჩვენი მოქალაქე რეგისტრირებულია რუსეთის მისამართზე, ეს მონაცემები კი გვაქვს გადმოცემული, მაგრამ რუსეთში ჩვენ უბნებს ვერ ვხსნით ცნობილი მოვლენების გამო. ამიტომაც, ასეთი ამომრჩეველი საბოლოოდ ვეღარ მოხვდება სიაში. ჩვენ ამ მონაცემს გადავამუშავებთ, რა თქმა უნდა, და საბოლოო ციფრს ვიტყვით. რაც შეეხება შარშან სიაში იყო, თუ არ ვცდები, 50,45% ქალი და შესაბამისი პროცენტი მამაკაცი. მაგრამ ამ არჩევნებზე მოვიდა უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალბატონი. ასე რომ, ეს სტატისტიკები დევს ჩვენს ვებგვერდზე და ყველას შეუძლია ნახვა.

P.S. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეჭვი შეიტანა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს მიერ დასახელებულ ციფრში. დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ საარჩევნო სიებში მკვდარი სულებია. „პრაიმტაიმი“ ამ ციფრით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ციფრი მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლება. წინა ყველა არჩევნები აღიარებულია როგორც ოპოზიციის მიერ, ასევე დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.

მაგალითად, 2016 წელი – საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველი ტურისთვის რეგისტრირებული 3 513 884 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა (51.94%).

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რეგისტრირებული იყო 3 440 123 ამომრჩეველი, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 1 577 503-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45.86%-ია.