ნოემბრის დასაწყისიდან „რუსთავი 2“-ზე „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონი დაიწყება. მთელი ზაფხულის განმავლობაში პროექტის სტაფმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და არაერთი კონკურსანტი შეარჩია. რა კრიტერიუმებით აარჩიეს კონკურსანტები, როგორი შემადგენლობით იქნება წელს ჟიური, რატომ დატკბა მარინა ბერიძე და რა დაუწუნეს სოფომ და მარინამ პროექტის მთავარ პროდიუსერს, გიორგი უშიკიშვილი თავად გიამბობთ.
– გიორგი, მეორედ აიღო სტარტი პროექტმა „მხოლოდ ქართული“. მაინტერესებს, რას მიიჩნევ პირველი სეზონის ხარვეზად და რა გამოსწორდება წელს?
–წელს უფრო მეტად დაიხვეწა კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები. იმ ათეულის შერჩევა უფრო მაღალი სტანდარტებით მოხდება. ძალიან სწრაფად გავაკეთეთ პირველი სეზონი და ხარვეზიც ბევრი იყო. წელს გაცილებით მეტი დრო გვქონდა, მეტი მსურველის მოსმენა შევძელით. ამდენად, გვექნება დახვეწილი, მაღალი სტანდარტის შერჩევის კრიტერიუმები. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, აქაც ბევრი სიახლეა. პირველმა სეზონმა გვაჩვენა, რაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტები, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რა მოსწონს მაყურებელს.
– რა მოიტანა პირველმა სეზონმა?
– მოიტანა ის, რომ მთელი საქართველო ქართულად ამღერდა. ძალიან ბევრ რესტორანში ქართულ სიმღერებს ითხოვენ. გაპოპულარულდა სწორედ ის სიმღერები, რომლებიც ჩვენს პროექტში შესრულდა ახლებური ინტერპრეტაციით. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა გაიზარდა, რომ სწორად მივაწოდოთ ქართველ მსმენელს ქართული სიმღერა, რაც ასე მნიშვნელოვანი და საყვარელია ჩვენთვის.
– რაც შეეხება ჟიურის?
– მე, მარინა და სოფო, რასაკვირველია, ვიქნებით ლაივკონცერტებზე. რაც შეეხება გიორგისა და ლელას, ჩემი სურვილია, ისინიცდარჩნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. სიახლე იქნება ის, რომ შესაძლებელია, ჟიურის კიდევ ერთი წევრიდაემატოს.
– ქართველი მომღერალია თუ კომპოზიტორი?
–მოქმედი ქართველი მომღერალი გახლავთ, მეტს ნუ ჩამეკითხებით, ეს ძალიან დიდი სიურპრიზია ჩვენი მაყურებლისთვის.
– წინა სეზონის საუკეთესო ათეულს მაყურებლის კრიტიკა არ ასცდა. სოფო ბათილაშვილის გარდა, თითქმისყველა კონკურსანტს აკრიტიკებდნენ, უსუფთაობის გამო. წერდნენ, რომ ეს ის დონე არ არის, რასაც ქართული სიმღერა იმსახურებს და რომ არასწორად არის შერჩეული ათეული... მახსოვს, იმასაც ამბობდი, რომ ბათილაშვილი ასე არ ბრწყინავდა ქასტინგებზე...
– ნამდვილად არ ბრწყინავდა და დიდი შეცდომა იქნებოდა მისი ვერდანახვა. ამიტომ ვამბობ, რომ არაერთი ქასტინგია საჭირო მანამ, სანამ ათეული შეირჩევა, რომ სხვადასხვა ჟანრში უნდა გამოსცადო კონკურსანტი. დასამალი რაა, მეც არაერთ კონკურსანტს ვაკრიტიკებდი უსუფთაობის გამო ლაივკონცერტებზე. თუმცაღა ამ პრობლემის ერთ-ერთი ფაქტორი იყოს ის, რომ ბევრი კონკურსანტი, რომელიც სცენაზე დადგა,არ იყო გამოცდილი. 2 კვირაში დიდ სცენაზე, მაგარ ბენდთან და მუსიკოსებთან მოხვდნენ. ახლა ათეულის შერჩევიდან ლაივებამდე საკმაო დრო გვრჩება იმისთვის, რომ მოვამზადოთ, მეტი რეპეტიცია გაიარონ ბედთან და მოერგონ გარემოს, სადაც უნდა იმღერონ. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ის ლაფსუსები ყველაზე ნაკლებად იქნება ამ სეზონზე.
– არაერთი რეგიონი მოიარეთ უკვე, შერჩეულია 50 საუკეთესო კონკურსანტი, ამათგან 10 საუკეთესო უნდა შეირჩეს ლაივ კონცერტებისთვის. რომელმა რეგიონმა გაგაოცათ წელს?
– თბილისში ძალიან ბევრ კარგ კონკურსანტს მოვუსმინეთ. თბილისის ტური ბოლოს ჩატარდა და ვინც რაიონებში ვერ მოასწრეს მოსვლა, აქ ჩამოვიდნენ. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აქ უკეთესი კონტინგენტი მოვიდა.
– კურიოზები იქნება?
– ცოტა უფრო სერიოზული გახდა პროექტი. ჩემი აზრით, ნაკლებად იქნება წელს. მაგრამ განგებ დადგმული სახალისო ამბები არც პირველ სეზონზე არ გვქონია. ჩვენ ინტერნეტში არ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც მეტი ნახვა აქვთ იმის გამო, რომ დასცინიან.
– შარშან ამბობდნენ, რომ შუშანა სწორედ ამისთვის მოიყვანა „რუსთავი 2“-მა „მხოლოდ ქართულის“ ქასტინგზე...
– ეს ხომ დავამტკიცეთ, რომ ასე არ იყო. ქალბატონი შუშანა სხვა პროექტების ქასტინგებზეც ყოფილა მისული... სხვანაირი მეორე სეზონი გვექნება, უფრო აკადემიური.
– შენ და მარინა კიდევ კამათობდით ქასტინგებზე?
– ჩვენ სულ ვკამათობთ. ეს მუსიკალური კონკურსია და არც კონკურსანტს არ უნდა ეწყინოს, როცა ჟიურის წევრი აკრიტიკებს. კრიტიკისა და რჩევებისთვის ვართ ჩვენ აქ. ფეხი არ გივარგა ან ჩაცმის სტილიო, მაგაზე ხომ არ გააკრიტიკებ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეს?! კრიტიკა მუსიკალური კუთხით უნდა მიიღოს მონაწილემ ჩვენგან.
– ერთ-ერთ ლაივში წუწუნებდი, ძალიან დამჩაგრეს ქალებმაო.
– დაჩაგრული ვარ ახლაც. სმენა არ გაქვსო, მითხრეს, მსუქანი ხარო. მსუქანი ისევ მათთვისვარ. ახლა საინტერესოა, სმენა თუ გამომისწორდა. ამ ზაფხულს შეიძლება რაღაც შეიცვალოს სმენასთან დაკავშირებით ჩემს ცხოვრებაში (იცინის). ვივარჯიშე ცოტა, ვიარე ვოკალზე, მგონია, რომ დავიხვეწე ყური.
–ახლა უკვე კარგად გამოგივა „სახის“ „ახლა ჩემი დროა“...
– (იცინის) ნამდვილად...
– ახლა 50 კონკურსანტიდან 10 უნდა შეარჩიოთ...
– ეს ყველაზე რთული ეტაპია. ჩვენ მათ მივეცით დავალება, გოგონებს –სხვა სიმღერები, ბიჭებს –სხვა და აკომპანემენტის თანხლებით როიალთან უნდა შეასრულონ. არ არის ეს მარტივი დავალება. პირველმა სეზონმა აჩვენა, რომ ადამიანმა უნდა იმღეროს ირაკლი ჩარკვიანიც და რევაზ ლაღიძეც, ბიძინა კვერნაძეც. ამიტომაა დავალება აკადემიური. საინტერესოა, როგორ შედგება ურთიერთობა კონკურსანტსა და აკომპანიატორს შორის.
– მართალია, რომ ერთი ცნობილი მსახიობიც გყავთ პროექტში?
– კი. მგონი,ორიც, მაგრამ იცი, როგორაა?იქ, სადაც ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს ყველასთვის, არანაირი უფლება არ გვაქვს, ვინმეს უარი ვუთხრათ, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ის ცნობილია ან რომელიმე სხვა მუსიკალურ პროექტში უკვე იმღერა. თუმცა მაყურებლის რეაქციაც მესმის. ის, რომ მათ გამოცდილებისა თუ ცნობადობის კუთხით მეტი პრივილეგია აქვთ, ამაში ლოგიკა არის. მაგრამ ეს სიმღერის კონკურსია და ჩვენ პირველმა ტურმაც გვაჩვენა, რომ მთავარია, როგორ მღერი და არა ის, რამდენად პოპულარული ხარ, სიმპათიური, სექსუალური თუ მამრობითი სქესის. სოფომ დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ ასეთ კონკურსებში მხოლოდ ბიჭები იმარჯვებენ.
– წელს რომელი სიმღერები იყო პოპულარული ქასტინგებზე?
–გოგი ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი... „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი...“ წინა სეზონის გამო ძალიან პოპულარულია წელს. ასე რომ, შიში სხვა კონკურსანტებს არ უნდა ჰქონდეთ ცნობილი კონკურსანტების, იმიტომ რომ მაყურებელი აფასებს სიმღერას და არა კონკურსანტს პიროვნულად.
– და ქართველ მაყურებელს კარგი ყური აქვს...
– ძალიან ნიჭიერი და გემოვნებიანი მსმენელი გვყავს.
– გიორგი, თავად რომ მონაწილეობდე მსგავს კონკურსში (დავბრუნდეთ წარსულში), რომელ სიმღერას აირჩევდი?
– მე არ მიყვარს კონკურსები, არც არასდროს გამოვსულვარ და არც გამოვიდოდი, ასე მგონია.
– რატომ?
–არ ვიცი, რატომ. შეიძლება იმიტომ ვამბობ ასე, რომ ჩემ დროს არ იყო მსგავსი კონკურსები, არ მიმიღია მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ არ მინდა. შეიძლება, 20 წლის რომ ვყოფილიყავი და ასეთი კონკურსებიყოფილიყო, მიმეღო კიდეცმონაწილეობა, მაგრამ ჩვენ დროს კონკურსები კი არა, დენი არ იყო (იცინის)... რას ვიმღერებდი, მაგასაც ვერ გეტყვი. მე მაინც ხალხური სიმღერის შემსრულებლად მივიჩნევთავს და არა სხვა ჟანრის. ძალიან ფრთხილი ვარ. ვთვლი, რომ რაც კარგადარ გამომდის, იმას არ უნდა გავეკარო. ეს პრინციპია ჩემი, ყველაფერს არ მივედ-მოვედები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემოთავაზება მაქვს.
– ჟიურის რომელი წევრის შეგეშინდებოდა?
– მარინა ბერიძის. არა იმიტომ, რომ საშიშია. იმიტომ რომ ისეთ სახეს იღებს, კონკურსანტი რომ მღერის, სიმღერა აღარ მოგინდება. რამე რომ არ მოსწონს, ეგრევე ეტყობა სახეზე. წარმოიდგინე, რომ მღერი, ჩაფლული ხარ სიმღერაში, უცებ შეხედავმარინას და...
– შენ შეგიძლია თამაში, განწყობა რომ არ დაგეტყოს?
– არ ვიცი, ვცდილობ, რომ ერთნაირი ღიმილიანი სახე მქონდეს, სანამ სიმღერას არ დაამთავრებს კონკურსანტი. არ ვიცი, შეიძლება მეც არ გამომდის და სუბიექტური ვარ ახლა, მაგრამ მარინას ძალიან ეტყობა, აკანკალებს ხოლმე ზოგიერთ შესრულებაზე.
– დატკბა მარინაო, ამბობენ...
–მარინა არ არის ავი და იაზო. ობიექტურია, პირდაპირი, პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, შელამაზების გარეშე. თორემ შეიძლება მე უფრო მკაცრი ვიყო ცალკეულ შემთხვევებში. მარინას პირდაპირ შეუძლია უთხრას კონკურსანტს: წადი, შვილი, და ნუ იმღერებო. მე ეს არ შემიძლია. მე ამას არ ვეტყვი. იმღეროს სახლში, სუფრასთან, რა პრობლემაა.
– გაბუნია იქნება პროექტის ჟიურის წევრი?
– იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არ არის მუსიკოსი, არც მომღერალი, მას თითქმის ყოველთვის ჰქონდა ადეკვატური შეფასებები. ეს ბევრმა მუსიკოსმა და კარგმა ყურიანმა ადამიანმა აღნიშნა ჩემთან საუბრისას.
– იქნებ მღერის კიდეც...
– დარწმუნებული ვარ, მღერის, პატარა რეპეტიცია დასჭირდება და კარგი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის.
– როდის დაიწყება სეზონი? მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელის...
– ნოემბრის დასაწყისში უკვე ეთერში შევალთ.
– დიდი ხმაურით დაიწყო „იმედზე“ ორშაბათობით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. გაუწევთ კონკურენციას?
– არ ვთვლი, რომ ჩვენ კონკურენციის შიში გვაქვს. სიმღერის მეგაშოუებს მეტი მაყურებელი ჰყავს ყოველთვის. მათი პირველი ორი გადაცემის რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, „მხოლოდ ქართულს“ მათი დამარცხება ნამდვილად არ გაუჭირდება.