ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არც გიორგი გაბუნია მივა - რას სთავაზობს გვარამია ივანიშვილს?

18:28 10-22-2018
942

ინგა გრიგოლიას შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არც გიორგი გაბუნია მივა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და განმარტებაც გააკეთა:

"ხვალ, 22:00-ზე გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანი" აქვს და აქედან გამომდინარე, ვერ შეძლებს შეხვედრაზე ყოფნას. ივანიშვილის შეთავაზება თუ ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ შეხვედრაზე. ასევე უხერხულია, რატომ არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ან თუნდაც "კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი მიწვეული" - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუ შედგება, "რუსთავი 2" ამის პირდაპირი ეთერით გაშუქებას მაინც არ გეგმავს. ასეთი სურვილის შემთხვევაში კი შეუძლია ივანიშვილი პირდაპირ ეთერში საკუთარ გადაცემაში მიიწვიოს.

"თუ უნდა მწვავე ინტერვიუ, მე და ეკა კვირის აქცენტებში დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას" - დასძინა გვარამიამ.

23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მასთან ინტერვიუზე იწვევს სამი ყველაზე რეიტინგული არხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან, „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას - ინფორმაცია პრესსამსახურმა გაავრცელა.

“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ცნობილი ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას პასუხიც. როგორც გრიგოლია განმარტავს, მიწვევაზე რიგი მიზეზების გამო უარს ამბობს:

"ხვალ 20:00-ზე მეწყება გადაცემა "რეაქცია" რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ "ტვპირველი" გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში" - დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, მისი პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

ავტორი: