ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
საარჩევნო რინგის ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშე დავით უსუფაშვილია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.
ახლა ის საარჩევნო მარათონზე მარტო დგას. ისე ჩანს, თითქოს პოლიტიკას ნულიდან იწყებს. თუმცა, ოპტიმისტურად არის განწყობილი და საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.
საარჩევნო მარათონზე, პოლიტიკასა და ცოტა რამ ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებზე – „პრაიმტაიმს“ დავით უსუფაშვილი ესაუბრა.
– ბატონო დავით, არჩევნებში თქვენ ძალიან გვიან ჩაერთეთ, შესაბამისად, როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს ამ ისედაც ძალიან დაძაბულ საარჩევნო მარათონში? ან რა ელექტორატზე გაქვთ გათვლა, ვინ არიან თქვენი ამომრჩევლები?
– დავიწყოთ იმით, რომ მე არა ვარ პოლიტიკაში ახალი სახე და როცა ელექტორატზეა საუბარი, ელექტორატს აქვს თავისი მეხსიერება. მათ ახსოვთ, მე როდის სად ვმდგარვარ და ვყოფილვარ.
ბოლო მოვლენა, სადაც მე აქტიურად ვიყავი ჩართული, ეს იყო 2012 წლის ცვლილება. მანამდე იყო 2003 წლის ცვლილებაც, სადაც მე ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული, ოღონდ მაშინ არა პოლიტიკოსის სახით, არამედ არასამთავრობო-საექსპერტო წრეებიდან.
რა თქმა უნდა, ჩემი ბმა და საკომუნიკაციო სივრცე, ელექტორალური, ეს არის 2012 წლის ცვლილების მომხრე ადამიანები, რომლებმაც, სამწუხაროდ, ჩემთან ერთად, მორიგი იმედგაცრუება განიცადეს იმით, რომ ჩვენი საერთო გეგმიდან ცოტა გამოვიდა და ბევრი არ გამოვიდა. ამიტომაც ძირითადად მივმართავ და ძირითადად ვაპელირებ იმ ხალხზე, ვისაც სჯეროდა და დღესაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი 2012 წელს ხელისუფლებიდან იყო ჩამოსაშორებელი და ახლა, 2018 წლის მდგომარეობით, უკვე „ქართული ოცნებაა“ რესურსამოწურული. მათი მხრიდან ქვეყნის წინ წაყვანის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ანუ ვინც მიიჩნევს, რომ შესაცვლელია „ოცნება“, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“. ამ არეალში ვმუშაობ მე.
რაც შეეხება ჩემს კამპანიას, ჩვენ, „შენების მოძრაობის“ დაწყების ინიციატორები, პირველად 2017 წლის არჩევნებზე გამოვჩნდით და მაშინვე ვთქვით, რომ გვექნება მეორე ეტაპი, საპრეზიდენტო არჩევნების სახით. საპარლამენტო არჩევნები კი არის ჩვენი მთავარი ფოკუსი და მიზანი, სადაც უნდა აღმოვჩნდეთ საუკეთესო ფორმაში. პოლიტიკაში გენერალური ბრძოლისთვის მზად ვიქნებით საპარლამენტო არჩევნებისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნები რჩება ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებად. მგონია, რომ სწორედ ამ კონკრეტული საქმისთვის, სწორედ ასეთი პრეზიდენტობისთვის – როგორიც კონსტიტუციაში გვიწერია – მე ვარ ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლო არჩევანი.
ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა მინუსი. მაგალითად, პარტიული ორგანიზაცია რა თქმა უნდა, არ გვაქვს ისე დაქსელილი და მყარი, როგორც რამდენიმე სხვა მოთამაშეს.
ჩვენ არ გვაქვს ფინანსური რესურსი და წვდომა იმ წრეებზე, ვინც ამ ფინანსურ რესურსს უზრუნველყოფს.
ჩვენ არ გვაქვს ჯიბეში ჩადებული არა თუ დიდი, არამედ პატარა მედიასაშუალებებიც კი.
აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციულ რესურსზე და სახელმწიფო მანქანაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის იმის ხელშია, ვინც იქ ზის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიაში, ერთი მხრივ, შევედით ძალიან თამამად, იმიტომ რომ მთავარი, რაც არჩევნებში კონკურენტუნარიანობას განაპირობებს, ძლიერი კანდიდატია და მე ძლიერი კანდიდატი ვარ, ასე მჯერა, მაგრამ, მეორე მხრივ, რაც ამ ძლიერ კანდიდატს სჭირდება – აუცილებელი დამხმარე საშუალება, აქ, რა თქმა უნდა, მოვისუსტებთ.
თქვენ ბრძანეთ, ყველაზე გვიან ჩაერთეთ საარჩევნო პროცესშიო. მე კი არ ჩავერთე გვიან, თქვენ გაიგეთ ამის შესახებ, რომ ყველაზე გვიან ჩავერთე პროცესში. ეს თქვენი ბრალი არ არის, გასაგებია, ჩვენი კამპანიისა და რესურსების სიმცირის ბრალია. თორემ, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვთქვი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ვაპირებდი.
– თქვენ დამოკიდებული იყავით მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე...
– არასდროს არ ვიყავი დამოკიდებული. კი ბატონო, შეიძლება ასე ჩანს... თუ ჩემს ფეისბუკგვერდს გაჰყვებით, ნახავთ, რომ არცერთი წუთი არ დავლოდებივარ მარგველაშვილს. იყო ასეთი განცდა? კი, იყო. იმიტომ რომ, როცა მარგველაშვილს განცხადებით მივმართე, ეს საზოგადოებას წამყვანი მედიასაშუალებების მიერ მიეწოდა ისე, როგორც უსუფაშვილი მარგველაშვილს სთხოვს: წამოდი, იყავი ჩვენი კანდიდატი, ან შეგვიფარე. არა, ეს ასე არ ყოფილა.
ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დაგვენახა ჩვენი კონკრეტული უპირატესობა და ნიშა. ამ თვალსაზრისით, მე აღმოვჩნდი ისეთ ვითარებაში, რომ ჩემკენ ყურადღება თუ გამოხედვა დაიწყო მას შემდეგ, როცა უნდა დაწყებულიყო, ანუ როცა წინა პლანზე მყოფი ძალების მინუსები გამოჩნდა ნელ-ნელა. ეს მე ძალიან კარგად ვიცოდი. მათ ერთმანეთის გაშიშვლება დაიწყეს. და მე, დიახ, ვლაპარაკობ, ხალხო, ერთსაც დაუჯერეთ და მეორესაც, როცა ერთმანეთის ნაკლზე ლაპარაკობენ. დიახ, ასეთები არიან. დასკვნა? გამოიხედეთ აქეთ.
მხარდამჭერთა ზრდის ტემპი მაქვს ნამდვილად ყველაზე მაღალი. ზრდის ტემპი კიდევ რამდენიმე დღე რა ტემპებით შენარჩუნდება, სხვისი ვარდნის ტემპები როგორ გაგრძელდება, აქ მე და ჩვენ ამ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ.
დარწმუნებული ვარ, თუ ამ ორ ძალას შორის შეჯახებამდე მივიდა საქმე, ეს იქნება ძალიან მძიმე. აქ რომელი გამოვა გამარჯვებული, მართლა ნაკლებად მაინტერესებს, იმდენად დიდ ზარალს მიღებს ქვეყანა.
დღევანდელ სიტუაციაში საქმე გვაქვს ძალიან არაორგანიზებულ და ქაოსურ სისტემასთან, ერთი მხრივ, და სუპერმოტივირებულ ავანტიურისტთან, მეორე მხრივ. და სწორედ მათ შეჯახებაზეა საუბარი. აქ სირთულეებისა და ხიფათის განცდა, რა თქმა უნდა, მაღალია.
საზოგადოება ხელისუფლებისგან ელის იმის განცდას, რომ მას საჭე უჭირავს ხელში და მართალია გვერდიდან ვიღაცები ედავებიან, სად მიდიხარ, მანდეთ რატომ მიდიხარ, მაგრამ ეს ამბობს, არა მე ამ მიმართულებით მივდივარ.
მაგრამ ახლა განცდა ის არის, რომ მე ხელისუფლებას ვეუბნები: ე, ბიჭო, საჭეს ხელი მოჰკიდე. ან იქით წადი, ან აქეთ, ოღონდ საჭეს მოჰკიდე ხელი. ამას კი საჭეზე ხელი გაშვებული აქვს, მოტრიალებულია აქეთ და რაღაცებს მიმტკიცებს. ეგ განცდა იქმნება, რაც 2012 წელს არ მქონია. მაშინ ვხედავდით, რომ მას საჭე ეჭირა და სადღაც მიჰყავდა ეს მანქანა. ნაწილობრივ იყო ეს განცდა 2003 წელს, როცა შევარდნაძეს საჭე კი ეჭირა ხელში, მაგრამ ის საჭე აღარ ტრიალებდა. მას საჭისთვის ხელი არ გაუშვია, არცერთი წამით არ გამოსულა ქვეყნის ლიდერისა და მმართველის როლიდან, უბრალოდ, ვეღარ ატრიალებდა საჭეს, იმიტომ რომ ვეღარაფერს ახორციელებდა.
დღეს სრულიად განსხვავებული ვითარება გაქვს – საჭეზე ხელია გაშვებულია.
– რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვით? ითქვა, რომ თქვენ ივანიშვილისგან გქონდათ ასეთი შემოთავაზება, რათა „ქართული ოცნება“ აგეწყოთ...
– არა, ეს საკითხი არასოდეს არ განხილულა. როცა მან პარტიის შექმნა დაიწყო, მე მთხოვდა ხოლმე რჩევას. პირველი ყრილობისთვის რომ ემზადებოდნენ, წესდების პროექტზე მთხოვა, ჩახედეო. შემდგომაც, ამ პროცესში, ჩვენ ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორები ვიყავით. პარტია „ქართული ოცნების“ მყარად ფეხზე დადგომა, როგორც პარტიის და არა როგორც ბიუროკრატიულ-სახელისუფლებო კონგლომერატის, იყო ჩემი პრაგმატული ამოცანა, როგორც პოლიტიკური პარტნიორის. და ღირებულებითი ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებისგან უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური სისტემა.
პარტიის ხელმძღვანელობაზე კი არ იყო საუბარი, არამედ პრემიერმინისტრობაზე. უარი ვთქვი არ არის სწორი. მე ვთქვი: კი ბატონო, მაგრამ მქონდა ერთი ძალიან კონკრეტული პირობა – ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნებულიყო თავის პარტიაში, თუნდაც რიგით წევრად. ასევე, უნდა დაბრუნებულიყო კოალიციის პოლიტსაბჭოში, როგორც წევრი. მე ეს მინდოდა ძალიან კონკრეტული, პრაგმატული ამოცანებისთვის.
ამოცანა ნომერი პირველი: იმ პერიოდისთვის, ეს არის 2015 წელი, კარგად ვხედავდი, რას წარმოადგენდა პარტია „ქართული ოცნება“. ის იყო სუპერარაორგანიზებული, დაქსაქსული, ფრაგმენტული, დაყოფილი და კონფლიქტებით გაჯერებული. ამ ფონზე თან მთავრობას ხელმძღვანელობა და თან ამ მოუწესრიგებელ პარტიაზე დაყრდნობა, შეუძლებელი იქნებოდა.
ან იმ პირობებში, როცა მე ვმართავ მთავრობის სხდომას, მაგალითად, მინისტრები კი რიგრიგობით გადიან, რომ ტელეფონზე რაღაც გადაამოწმონ, რომ, ბატონო ბიძინა, ასეა თუ ისეა? მთავრობას გავუძღვებოდი ასეთ ვითარებაში? რა თქმა უნდა, ვერა. ამიტომაც მინდოდა მისი დაბრუნება, თუნდაც რიგით წევრად.
მან უარი მითხრა. ასე რომ, მე უარი ვთქვი. პასუხისმგებლობას გავექეცი – ეს ასე არ არის.
– რესპუბლიკურ პარტიაში რომ არ ყოფილიყავით, მიიღებდით სხვანაირ გადაწყვეტილებას?
– 2015 წელს ჩემი შესაძლო პრემიერობის შესახებ საუბარი 5-6 კაცთან ერთად შედგა და მათი უმეტესობა ჩემი თანაპარტიელი იყო. ასე რომ, ეს ინდივიდუალური შემოთავაზება არ ყოფილა, საუბარი გუნდთან ერთად შედგა. ჩემთვის არასოდეს ყოფილა პარტია დაბრკოლება და ტვირთი. როდესაც მე დავინახე, რომ პარტიასთან ერთად პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი გახდა, მე გადავდგი ის ნაბიჯი, რაც გადავდგი. მანამდე მე ვინმემ დამაზარალა ან რამე, ასე არ არის. პირიქით, თუ ახალგაზრდა სტუდენტი, ჩემი აზრით, სწორ გზაზე დავდექი, ეს არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ადამიანის, ჯერ ლევან შავიშვილის, ვახტანგ ხმალაძის, შემდეგ კი დავით ბერძენიშვილის დამსახურება.
– არჩევნებს რომ დავუბრუნდეთ, ადრე გქონდათ სლოგანი „თავისუფლება“, ახლა – „მეტი შეგვიძლია“... რატომ აღარ აკეთებთ თავისუფლებაზე აქცენტს, ჩათვალეთ რომ ეს ნიშა „გირჩმა“ აიღო?
– ლოგიკურია, მგონი, ადრე ფერიც სხვა მქონდა. მე ცენტრისტული პოლიტიკური ძალის მშენებლობაში ვმონაწილეობ. ეს ფერი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ლურჯისა და წითლის, ანუ მემარჯვენე მემარცხენის ერთმანეთზე დადებით.
რაც შეეხება სლოგანს, მას მე კი არა, 200 წლის პარტიებიც კი ყოველ არჩევნებზე ცვლიან. არა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენ მეკითხებით, ვუღალატე თუ არა თავისუფლებას...
– მე ეს არ მიკითხავს, „გირჩის“ სლოგანია „თავისუფლება“ უკვე წლებია. მაინტერესებდა, რამდენად დაინახეთ, რომ ეს ნიშა „გირჩებმა“ აითვისეს, მხოლოდ ეს მაინტერესებდა.
– რა შუაშია „გირჩი“? „გირჩი“ კი არა, ხვალ შეიძლება მსხალი, კიტრი, პომიდორი გამოჩნდეს. მე ჩემს ისტორიას გიყვებით. „მეტი შეგვიძლია“ – ეს არის ჩვენი სლოგანი. ეს არის ჩემი გზავნილი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ „მეტი აღარ შეგვიძლიას“ განწყობა უნდა შევცვალოთ. „მეტი აღარ შეგვიძლია“ – ეს ფრაზაა ყველაზე სახიფათო, რომლის კულტივირებაც ხდება. რუსული რბილი ძალა თუ რამეზე მუშაობს, ზუსტად ამაზე, რომ ქართველებმა კოლექტიურად ერთ მშვენიერ დღეს დავასკვნათ: მეტი აღარ შეგვიძლია, ამ ქვეყანას მეტი აღარ შეუძლია. აქამდე რომ მიდის, ძალიან ბევრი ადამიანი ამიტომ ტოვებს ქვეყანას.
რაც შეეხება თავისუფლებას, ჩემს პროგრამაშიც და გზავნილებშიც ამას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. თავისუფლება და პატრიოტიზმი – ეს ორი ცნება არ უნდა იყოს ისე გაგებულ-გააზრებული, როგორც, სამწუხაროდ, საზოგადოების ფართო ნაწილშია, რომ თითქოს ამ ორ ცნებას შორის არის კონფლიქტი. რომ თითქოს, რაც უფრო თავისუფალია ადამიანი ნაკლებად პატრიოტია და რაც უფრო პატრიოტია, ნაკლებად თავისუფალია. ჩვენ ერთ-ერთ საყრდენ პოსტულატად გვაქვს ეს: თავისუფლება და პატრიოტიზმი უერთმანეთოდ არ არსებობს.
– ძალიან ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ, როცა თქვით, რომ სააკაშვილს არ მიანიჭებთ მოქალაქეობას. არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მათ შორის. სააკაშვილს, რომელსაც აქ დარჩა გავლენები და ჰყავს მიმდევრები, აქვს უფლება, იყოს მოქალაქეც. ბოლოს და ბოლოს, ის ამ ქვეყანაში დაიბადა.
– მიზეზი ძალიან კონკრეტულია – და ეს მიზეზი არის არა გაბრაზება ან ჩემი ემოციური დამოკიდებულება, არამედ ჩემი წაკითხვა საქართველოს კონსტიტუციის. კონსტიტუციაში სამი თანამდებობის პირია გამოყოფილი – პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებსაც კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ ამავდროულად არ იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. კონსტიტუცია მათ განსაკუთრებულ როლსა და დატვირთვას ანიჭებს და მათ სახელმწიფო სიმბოლიკასთან ათანაბრებს. ასე მესმის მე ეს ჩანაწერი. ისევე, როგორც დაუშვებელია, ერთნაირი ჰიმნი ან დროშა ჰქონდეს ორ ქვეყანას.
მერე როცა რაღაცის გამო – რაც არ უნდა იყოს ის რაღაცა – თავის ქვეყანასა და სახელმწიფოზე ამბობს უარს, ტოვებს ქვეყანას და მოქალაქეობას, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის იმ დონის შებღალვა იმ სახელმწიფოსი, რომლის სამსახური ჩაგაბარა შენ ხალხმა, რომლის სიმბოლოობა გარგუნა ბედმა, რომ დაუშვებელი უნდა იყოს ამ სამი თანამდებობის პირისთვის შემობრუნება და იმის თქმა, რომ აი, ახლა ისევ მომინდა საქართველოსთან ურთიერთობა.
– დაბოლოს, რამდენად განიხილავთ თქვენს კონკურენტად დავით ბაქრაძეს?
– გეტყვით პირდაპირ, სიამოვნებით გავეჯიბრებოდი დავით ბაქრაძეს მეორე ტურში და ვფიქრობ, რომ ჩვენი შეჯიბრი იქნებოდა გაცილებით პროდუქტიული და სარგებლის მომტანი ქვეყნისთვის. ეს იქნებოდა შეჯიბრი სწორედ იმაში, როგორ შეიძლება ქვეყანა სწრაფად დავალაგოთ.