პასუხის პასუხი - "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური თეა წულუკიანს პასუხობს:
"არ გრცხვენია თეა აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით" - ასე პასუხობს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლას.
დანიაში, საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი ონიანის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია. რაც შეეხება ორგანიზაციის ბრალდებებს მის მიმართ, მხოლოდ მას შემდეგ შევა დისკუსიაში, რაც სასამართლო ეკა გიგაურის საქმის განხილვას დაასრულებს:
"საქართველოში ადგილი ჰქონდა დიდ სკანდალს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის გარშემო, რომელსაც ადრე, მმართველი პარტიის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დოკუმენტებით ხელში აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნომებერში. საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოსი განიხილება. ამიტომ, ჯერ-ჯერობით არ შემოვალ ამ დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თავმჯდომარე მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში" - განაცხადა წულუკიანმა.
მანამდე, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა, კორუფციის შესახებ ისაუბრა და წულუკიანის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით, მმართველი პარტია ხშირად თავს ესხმის მესამე სექტორს და პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს, მათ შორის, თეა წულუკიანიც.