"ლადო გრიგალაშვილის მშობლებმა თქვეს, რომ ღირსეული შვილი ჰყავთ და ანგელოზად გამოიყვანეს..."- მამუკა ნაცვლიშვილი

12:54 10-23-2018
203

მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ოჯახის წევრები დაკითხეს, ახალი არაფერი მოუსმენია. მისივე თქმით, ბრალდებულის ოჯახს სინანულის გრძნობაც კი არ აწუხებს.

„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ. ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, მეგონა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი ჰყავთ და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. შეხვედრაზე მინისტრი მე დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ, უკვე აღარ ვიცი“,-განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ ლადო გრიგალაშვილმა დამალა.

სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა ზაქარია გრიგალაშვილი დაიკითხა, რომელიც ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის პერიოდში ერთ-ერთ რაიონულ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.