"რუსეთი 10 წელია, წარუმატებლად ცდილობს, ერთგვარი აღიარების პოლიტიკა აწარმოოს, რომელსაც მხარდაჭერა არ გააჩნია"- ქეთევან ციხელაშვილი

14:07 10-23-2018
51

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი  იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა და განაცხადა, რომ რუსეთი ათი წელია წარუმატებლად ცდილობს აწარმოოს ერთგვარი აღიარების პოლიტიკა, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია.

ციხელაშვილის შეფასებით, პატარა დასახლებებში ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მსგავსი შემთხვევები ხშირია, თუმცა იტალიის პოზიცია ცალსახაა – იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„როგორც წესი, ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამხოლოდ საქართველოს, არამედ იტალიის მხარე, ხელისუფლება ერთვება. იტალიის პოზიცია არის ძალიან ცალსახა. ხშირად ხდება, რომ ინფორმაციის არარსებობის ან ნაკლებობის გამო, პატარა დასახლებებში ამგვარი შემთხვევებია. თუმცა ეს არის ხოლმე კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა და არაერთხელ დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

„ეს იყო კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის მხრიდან, მიაღწიოს ამოცანას, რომელსაც ვერ მიაღწია 10 წლის განმავლობაში. არც არის მიღწევადი ამოცანა, რომ ერთგვარი აღიარების პოლიტიკა მოიპოვოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯებს ამ წლების განმავლობაში არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების გამოცხადების პოლიტიკა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა და ქალაქ რანდაცოს მერს შეხვდა. შეხვედრაში პალერმოში რუსეთის გენერალური კონსულიც მონაწილეობდა.