საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქების მიმართ გამოყენებული იქნა ის ე.წ. ზომები, რაც არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს წლების განმავლობაში უქმნის პრობლემას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა სოფელ ოკამის მცხოვრებლების, 1985 წელს დაბადებული სოსო შუკაკიძის და 1987 წელს დაბადებული გიორგი შამანაურის გატაცებას.
„ძალიან აქტიურ და ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. არის მოლოდინი, რომ ისინი გათავისუფლდნენ დაყოვნებების გარეშე. მათ მიმართ გამოყენებული იქნა ის ე.წ. ზომები, რაც არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს წლების განმავლობაში უქმნის პრობლემას. ჯერ თავისთავად უკანონოდ დაკავების ფაქტი, მერე ე.წ. სასამართლო და მერე გარკვეული ოდენობის თანხა, რომელსაც ართმევენ ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლებული იქნან უკანონო პატიმრობიდან. ეს ზომები გამოიყენება როგორც კონტროლირებად მხარეს, ისე ოკუპირებულ მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. შეფასების თვალსაზრისით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.
ნინო ჩიბჩიური