„საქართველო დემოკრატიული განვითარებით რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ინტერვიუს მოსმენა. ბატონი ბიძინა ხშირად არ გამოდის ტელევიზიით და მის გამოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველასთვის. ვინც ყურადღებით უსმინა, იმან დაინახა დღევანდელი მდგომარეობის ძალიან რეალური შეფასება. უარყოფითი და დადებითი მხარეებიც და ამავე დროს ის პერსპექტიული მიმართულებები, რომლებიც საქართველოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძემ.
ამასთან, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებამ მაღალი ტემპი აიღო და ეს ჩანს საერთაშორისო კვლევებშიც.
„საქართველო არის დემოკრატიული განვითარებით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მაგალითია დემოკრატიული განვითარების და მედიის თავისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის გარკვეული ნაწილი ფაქტიურად იქცა პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ხელს უშლის თვითონ მედიის თავისუფლებას და არ აძლევს საშუალებას, რომ მედია იყოს ისეთი, როგორიცაა დასავლეთში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. კარგი იქნება, რომ მედია პერსპექტივაში ისე ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომ იყოს მიუკერძოებელი, არაპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი, რომ საზოგადოებამ რეალური ინფორმაცია მიიღოს, როგორც უარყოფით საკითხებთან დაკავშირებით, ისე დადებით ტენდენციებთან. ჩემი აზრით, ამაზე იყო ძირითადად ხაზის გასმა, როდესაც ლაპარაკი იყო მაგალითად „რუსთავი 2“-ზე და სხვა მედიასაშუალებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა გაჩეჩილაძე.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ინსტიტუტების განვითარება ძალიან რთულია ქვეყანაში.
„ყველამ გავიხსენოთ საიდან მოვდივართ. 90-იანი წლებიდან მოვდივართ, მერე ასე ვთქვათ რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა. რთული პროცესია და ამ პროცესში არის რათქმაუნდა გარკვეული პრობლემებიც. ეს ყველაფერი დალაგდება და მე ვფიქრობ ბატონი ბიძინას გამოსვლაში სწორედ ამაზე იყო მინიშნებები“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.