"იმედი მქონდა, ჟურნალისტებს საფუძვლიანი ინტერესი ექნებოდათ ბევრ საკითხზე" - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში დიდი დრო პოლემიკამ წაიღო.
„სამწუხაროდ, ეკა კვესიტაძესთან იყო პოლემიკა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი იყო და არ მაძლევდა საშუალებას, მომესმინა ინტერვიუსთვის. იმედი მქონდა, რომ ჟურნალისტებს ექნებოდათ საფუძვლიანი ინტერესი ბევრ საკითხზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, კერძოდ, პოლიტიკაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე გეგმებზე, რომელზეც მან განაცხადა. ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ის გეგმები და ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ უახლოეს მომავალში აქტიურად აპირებს დაუბრუნდეს პოლიტიკურ აქტივობას. ეს კითხვები უნდა ყოფილიყო ჟურნალისტებისთვის საინტერესო, მაგრამ სამწუხაროდ, პოლემიკამ წაიღო დრო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრი თვლის, რომ ყველა ბრალდებას, რომელიც ბოლო პერიოდში გაისმა, ივანიშვილმა პასუხი გასცა და საზოგადოებამ რეალური სურათი დაინახა:
„ინტერვიუში ძალიან ნიშანდობლივი იყო ის აქცენტები, რომელიც მან გააკეთა. ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა ამ ინტერვიუდან პასუხები გაეგო და არამხოლოდ კითხვები დაესვა და არ ეცდია რესპონდენტისთვის პასუხი, ვფიქრობ, თვალნათლივ იქნა დანახული რეალური სურათი ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. იყო ძალიან არგუმენტირებული, ძალიან დამაჯერებელი და გულწრფელი, როგორც ყოველთვის. ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავი იყო ყველასთვის, ვისაც სიმართლის გაგება სურდა“, – დასძინა ცქიტიშვილმა.
გუშინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.