"მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი ე.წ. ქურდული ოცნების" -- ასე დაიწყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი შესავალი სიტყვა.
„მე წარმოვადგენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელშიც 11 პოლიტიკური ორგანიზაცია არის გაერთიანებული და მინდა გითხრათ, რომ ათასობით ადამიანს შევხვდით, ვესაუბრეთ, ამას ვაგრძელებთ და მთელი საქართველო არის დაზაფრული გუშინდელი ინტერვიუთი, სადაც ე.წ „ქართული ოცნების“ მამამთავარმა ერთი დაპირება გასცა და ერთი ჩაანალიზება გააკეთა. დაპირება იყო, რომ ყველას თავის ადგილს მიუჩენენ ერთ წელიწადში. ჩაანალიზება იმაში მდგომარეობდა, რომ სამი მილიონ ნახევარი მოსახლეობა სიღატაკეში მყოფი, ეს იმის ბრალი არის, რომ არიან ზარმაცები, არიან უნიჭოები, არ უნდათ მუშაობა და არ უნდათ თავის დადანაშაულება იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ უტიფარი და თავხედური ტყუილების შემდეგ, რაც 2012 წლის შემდეგ იყო გაცემული, ის მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი ე.წ. ქურდული ოცნების“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მას შემდეგ, რაც შესავალ სიტყვას თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატი წარმოთქვამს, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ უპასუხონ წამყვანის კითხვებს და იდებატონ.
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს სადებატოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ. დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იღებენ მონაწილეობას.