"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმის შესახებ საუბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მისი გეგმების შესახებ ჰკითხა:
"თქვენ რა გეგმა გაქვთ? გადაატრიალოთ ქვეყანა? ჩამოიყვანოთ სააკაშვილი?" - რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში:
"სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს.
თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ის მისცემს ყველას შეფასებას.
რაც შეეხება გაეროს სტატისტიკას, მათ არ იციან, ანუ არ სჯერათ იმის, რაც არ იციან და ასე მართეს 6 წელი ქვეყანა და დავამთავრებთ იმით, რომ ემიგრაციაში წავა ყველა, ქართველებისგან დაიცლება ქვეყანა და მალე დარჩებიან მოხუცები, რომელიც მუარულ სამედიცინო ენციკლოპედიას წარმოადგენენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მას შემდეგ, რაც შესავალ სიტყვას თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატი წარმოთქვამს, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ უპასუხონ როგორც წამყვანის, ასევე ერთმანეთის კითხვებს და იდებატონ.
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს სადებატოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ. დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იღებენ მონაწილეობას.