"ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება" - "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, მზად არის ხელისუფლებასაც დაუპირისპირდეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დებატებში მონაწილეობისას, წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვარ დამოუკიდებელი და ყველა ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი და უმართავი ვარ, რომ ალბათ ვერავინ ვერ მმართავდა, თუნდაც „ქართული ოცნება“ და ამიტომ არ უნდა დაეჭირათ მხარი. ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ხელისუფლებას ჩემთვის მხარი არ უნდა დაეჭირა.
მე დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემს ფუნქციაში, რომელსაც ვასრულებდი, თუნდაც ბოლოს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი პარლამენტარი, მაგრამ ასევე როცა მქონდა ჩემი პარტია.
კარგად მესმის, რას ნიშნავს ზეპარტიულობა. მე დღეს არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ მას აქვს ძალაუფლების ნაკლები ბერკეტები და უფლებამოსილება, მაგრამ საზოგადოებრივი კუთხით აქვს უფრო ბევრი სფერო. ამიტომ ვთქვი ადრე, რომ ეს პრეზიდენტი იქნება საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებრივ პრობლემებზე მომუშავე და ნაკლებად იქნება ჩართული პარტიულ პოლიტიკასა და იმ დაპირისპირებაში, რომელიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ნაკლებად არის ჩემი საქმე. ესენი დღეს ამბობენ, მე ვამბობ პირველი დღიდან, ამიტომ შევთავაზე ღია და ევროპული კამპანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა არის ის იდეალი, ღირებულება, რის გამოც შესაძლოა, ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, სალომე ზურაბიშვილი ამბობ, რომ საკმაოდ ბევრი პრინციპი აქვს, რისი დარღვევის შემთხვევაშიც, არავის დაუთმობს:
„ეს შეიძლება იყოს ბევრი პრინციპი, ყველი იმ პრინციპიდან და წითელი ხაზებიდან, რომლითაც მოვდივარ ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ესენია მთელი რიგი პრინციპები, რაც ეხება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს, საქართველოს მთავარ ორიენტაციებს, ეს არის ყველაფერი, რაც არასდროს დამითმია და, რასაც არ დავთმობ დღეს და ხვალაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ხელისუფლებისთვის, შესაძლოა ბევრი მეტად კომფორტული ყოფილიყო მთავრობისთვის.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ 25 კანდიდატიდან ბევრი ბევრად უფრო კომფორტული არ იქნებოდა, ჩვენ ვიცით ამ ადამიანების წარსული. მე ვარ ალბათ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ ერთ, თავის პარტიას, არავისთან არ ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, გზები გაიყარა, ძალიან მალე, თუმცა ვიყავი ასევე მისი მოყვანილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შესავალი სიტყვას წარმოთქმის შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატები პასუხობენ როგორც წამყვანის, ასევე ერთმანეთის კითხვებს.
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს სადებატოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ. დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იღებენ მონაწილეობას.