გრიგოლ ვაშაძე: "სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს"...

23:31 10-24-2018
87

"სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს... არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოქმედებს" - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მთელი მისი განვლილი გზა კომპრომისის ძებნაა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შევედი 2017 წლის 21 იანვარს, მხოლოდ იმიტომ, რამე რომ მოუვიდეს პარტიას ან „რუსთავი 2“-ს, საქართველოში ოპოზიციონერის კივილსა და ყვირილს კი არა, ჩურჩულს ვერ გაიგებს ვერავინ. ტელეკომპანია „იბერიას“ მაგალითი შესანიშნავი მაგალითია. ეს ზეპარტიულობას რაც შეეხება. კონსტიტუციით ვართ ვალდებულები, დავტოვოთ პარტიები, თუ ამ პარტიების წევრი ვართ, რაც არ გამიჭირდება, რადგან არასდროს ვყოფილვარ საქართველოში რომელიმე პარტიის წევრი. თითქმის ხუთი წელი ვიყავი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ დროისთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩვენ სამინისტროში არც პოლიტიკური და არც სხვა იდეოლოგიური ნიშნით, არავინ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის პრაქტიკა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოიკოტს უცხადებდა თავისუფალი მედიის ზოგიერთ საშუალებას და იქ არ მიდიოდნენ. შეგიძლიათ, კოლეგებს კითხოთფოფხაძიდან დაწყებული ბრიუსელში, „კავკასიით“ დამთავრებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიწვევაზე უარი მეთქვა.

ყველას პრეზიდენტი და ზეპარტიული პრეზიდენტი ლითონ სიტყვებს კი არ ნიშნავს – გაუმარჯოს მომავალს, ყველას პრეზიდენტი ვიქნები, მათ შორის მთაწმინდის პრეზიდენტი. ყველას პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ ის 40 ათასი კილომეტრი, რომელიც უკვე გავიარეთ და ათასობით ადამიანი, რომელსაც მოვუსმინე, ის 82 დოსიე, რომელიც გავაკეთეთ ამ მდგომარეობაზე, ამაზე მუშაობა უნდა დავიწყო და ნახავთ თქვენ, როგორ არ დაიწყებენ მუშაობას ხელისუფლების აღმასრულებელი შტოები, როდესაც პასუხს მოვთხოვ.

რაც შეეხება რევანშს, სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს, რადგან მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოქმედებს. შეგიძლიათ, აიღოთ ჩემი ინტერვიუები, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ დავტოვეთ კაბინეტები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას – არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რამე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო. როგორც ეს წამზომი მუშაობს, ისე მუშაობს, ოღონდ ორმაგი სისწრაფით საქართველოს წამზომი და სასწრაფოდ შველას საჭიროებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს სადებატოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ. დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იღებენ მონაწილეობას.

ავტორი: