დავით ბაქრაძე: საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა რატომ არ უნდა მისცეს ხმა სახელისუფლებო კანდიდატს

00:38 10-25-2018
83

დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან დებატებს დადებითად აფასებს, რადგან მისი თქმით, საზოგადოება დებატების დროს ნათლად დაინახავდა, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არ აქვს ის თვისებები, რაც სჭირდება დღეს საქართველოს.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა და მთავარი ამ დებატებიდან გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და მიიღო პასუხი, რატომ უნდა მოვიდეს 28 ოქტომბრის არჩევნებზე, რატომ არ უნდა მისცეს ხმა სახელისუფლებო კანდიდატს.

ვფიქრობ ძალიან ნათელი იყო მთელი ამ დებატების განმავლობაში მოუმზადებლობა, ხედვის არარსებობა და სამომავლო ცვლილებების დაუნახაობა. ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს, ეს თვისებები არ გააჩნია არც „ქართულ ოცნებას“ და არც მის კანდიდატს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან მკაფიო და ნათელ არჩევანს გააკეთებს 28 ოქტომბერს, უკეთესი მომავლისა და საიმედო ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დღევანდელ დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიიღეს მონაწილეობა.

ავტორი: