"როცა, გამოვაცხადე, რომ ერთი ძალის ორი სახე უნდა მოსულიყო, მობრძანდით, გამოვარდით ორივე. რა განსხვავებები არსებობს თქვენს შორის, მაინტერესებს, თქვენ რა განგასხვავებთ, ორი ძალა ხართ თუ ერთი? - სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს კითხვით მიმართა, რის საპასუხოდაც, დავით ბაქრაძემ და გრიგოლ ვაშაძემ განმარტებები გააკეთეს და ოპონენტს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდეს.
„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ კორექტული ფორმით ვესაუბროთ კონკურენტები ერთმანეთს. „გავარდით და გამოვარდით“ ეს არ არის ტერმინოლოგია, რომელიც საპრეზიდენტო დებატებზე გამოიყენება. ქალბატონო სალომე, პატივი ვცეთ აუდიტორიას. მესმის, თქვენ ვერ იქნებით ყველას პრეზიდენტი, მესმის, ვერასდროს იქნებით პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვას შეძლებთ, მაგრამ პატივი ეცით აუდიტორიას, რადგან საზოგადოება გვისმენს.
გეტყვით, პირველ რიგში თქვენგან რა განგვასხვავებს. თქვენგან განგვასხვავებს ის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა ცვლილება, ქვეყანაში ვხედავთ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც ამბობთ, რომ საქართველო არც ისე ცუდად ცხოვრობს, თქვენი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც საუბრობს, რომ საქართველო აღმშენებლობისა და განვითარების გზაზეა. ჩვენ ვხედავთ საქართველოში იმ პრობლემებს, ჭაობს, უძრაობას, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ვხედავთ იმ უპერსპექტივობის განცდას, რომელსაც ადამიანები მიჰყავს უცხოეთში და ვერანაირი დიასპორის სახლით ადამიანებს აქ ვერ ჩამოიყვანთ, სანამ საქართველოში არ იქნება ხვალინდელი დღისა და პერსპექტივის განცდა. აი, ეს განგვასხვავებს ჩვენ თქვენი პოლიტიკური ძალისგან, რომ ვიხედებით წინ, არ ვანგრევთ წარსულს და ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.
დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე პატივს ვცემ დოკუმენტს, რომელიც არის გაფორმებული ჩვენს შორის და არ მინდა, ვისაუბრო შიდა განსხვავებებზე. თუმცა ალბათ, მაყურებელს შეუძლია თავადაც განსაჯოს განსხვავებების შესახებ იმ განცხადებებიდან, რომელიც კეთდება კანდიდატების მხრიდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ასეთივე ვრცელი პასუხი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს:
„ერთადერთი, რაც ჩვენ გვაერთიანებს ეს არის დამკვირვებლის სტატუსი „ევროპის სახალხო პარტიაში“ და ის, რასაც ჰქვია პროდასავლურობა, ამაზე ვერავინ იკამათებს. დანარჩენში, ყველაფერში აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტურის დასრულებამდე, მგონი მეორე ტურშიც, ის მემორანდუმი მოქმედებს, მე დავით ბაქრაძესთან ერთად თავს შევიკავებ ამის დაკონკრეტებისგან, თუმცა დავეთანხმები, რომ ქართველ ამომრჩეველს თავად შეუძლია განსაჯოს ერთმანეთისგან რითი განვსხვავდებით.
ახლა კი გეტყვით, რით განსხვავდება გაერთიანებული ოპოზიცია ფარცხალაძეებისგან, სუბელიანებისგან, ჩუბინიძეებისგან, ჩხარტიშვილებისგან, ივანიშვილებისგან და მსგავსი კრიმინალებისგან, რომლებმაც დაგვანახეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მივმართვ ჩვენს მოქალაქეებს, არის შეთქმულება, როდესაც ხელისუფლების შტოები არის გადაქცეული მაფიოზური კლანის განშტოებად, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემას მართავს ბანდიტი სუბელიანი თავისი შეიარაღებული დაჯგუფებით, პროკურატურას – ფარცხალაძე თავისი შეირაღებული დაჯგუფებით, ბიზნეს და სიგარეტის ბაზარს ისე ინაწილებენ, როგორც კანონიერი ქურდები ან მაფია ინაწილებდნენ 70-იანი წლების იტალიაში. აი, ეს განგვასხვავებს ჩვენ ქურდული ოცნებისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში "დებატები 2018" მიიღეს მონაწილეობა.