„სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“... - ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს მიმართა

14:38 10-25-2018
108

"სასწორის ორ მხარეს დგას: სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება" - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე იქ შეკრებილ საზოგადოებას.

"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებო, ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნების“ წევრებო, განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და რაც მთავარია 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, და რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემით მივესალმები ჩვენს მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ საპრეზიდენტო კამპანიას, რომელიც მიმდიანრეობს,  შეიძლება ვუწოდოთ - „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“:

"მეგობრებო, რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას - სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ - „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად - არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ 2 თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის. ამგვარი კამპანიით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური კულტურა მომავალში.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა , რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას: სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება, ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისათვის, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება , სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილი.

თქვენთან ერთად, ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ არჩევნების შემდეგ, 2 წელი მომდევნო არჩევნებამდე ჩვენ უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას , რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა გახდეს არა მოდუნების მიზეზი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის გაათკეცების საფუძველი. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ. გისურვეთ წარმატებას! ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!" - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: