სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმართა.
პრემიერი თვლის, რომ ქართველი ხალხის სურვილს, გავხდეთ ევროპის ნაწილი, სწორედ სალომე ზურაბიშვილისნაირი პრეზიდენტი შეძლებს დააკმაყოფილოს:
"მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია, და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი, და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ჩვენი სამშობლო კი ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი:
"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა საქართველოში ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდრა – ყველა არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების მტკიცე პოლიტიკური ნება. წინასაარჩევნოდ ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონდეთ. ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას და პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის არჩევანს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მე მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით და საქართველოს განვითარებით აუცილებლად დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ სალომეს გამარჯვება ამ ბრძოლაში. ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია ევროპული არჩევანი, ქართული ტრადიციები და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს, შემოხაზეთ 48″, – დასძინა პრემიერმა.
სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.