ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე... სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოა – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მოხარულია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შეძლო და მის შვილებს მშობლიური ენა ასწავლა.
„ცოტა განაწყენებული ვარ, რომ სცენაზე არ ამიშვეს. ვისურვებდი, რომ კვირას არავითარი ექსცესი არ იყოს, არჩევნები ჩატარდეს ძალიან ლამაზ ფორმებში და ქალბატონი სალომეს პირველივე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს. ამის დიდი ალბათობაა. ძალიან ამაჩუყებელი იყო ჩემთვის, როცა მისმა შვილმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა.
სამწუხაროდ, ემიგრაციაში ბევრი ქართველია წასული და ყველანი კარგად გაიგებენ, რამდენად რთულია, შვილს შეუნარჩუნო ქართული. ქალბატონი სალომე იცით, რისი მსხვერპლიც იყო, პირველი ემიგრაცია რატომ წავიდა. მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს.
სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც.
ყველაზე კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ და ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი სიტყვები – სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს, სპორტის სასახლეში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.