გორში ნაპოვნი 8 წლის გოგონას ცხედარი სახლში გადაასვენეს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გვამს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა. მკვლელობის ვერსიებზე გამოძიება აქტიურად მუშაობს. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდის სავარაუდო მკვლელი 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.
შსს-ს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური ჯგუფისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ი.ნ. დააკავა.
ცხელ კვალზე დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი ი.ნ. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა ბავშვი, შესწავლილი იქნა დეტალურად თითოეული ბინა, სადაც საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დააკავეს ი.ნ. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ.
„ქრონიკის“ინფორმაციით, დაკავებული პირი იმ საცხოვრებელ სახლში მუშად მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს.
გავრცელდა ვერსია, რომ მუშამ ბავშვი საცხოვრებელ სახლში ძალით შეიყვანა, მასზე იძალადა და მოკლა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განმარტებები ამ საკითხზე ჯერ არ კეთდება.
მეზობლები პრაიმტაიმთან აცხადებენ, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ჩხრეკისას სხვა არასრულწოვნების ფოტოებიც აღმოუჩინეს.
ცეკვის წრეზე წასული და გაუჩინარებული მოზარდის ძებნას ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა თითქმის მთელი დღე მოანდომეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნანა ბერიაშვილი მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი გუშინ საღამოს იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
გუშინ, ტრაგედიის გამო, გორის ქუჩები ხალხმრავლობამ მოიცვა. მოზარდის ბაბუა ხვიჩა ბერიაშვილი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართლადამცველები მომხდარს დროულად არ გამოიძიებდნენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავდნენ. სჯერა თუ არა გამოძიების ოჯახს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანება თავისა და კიდურების არეში აღენიშნება.