პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა, რომლებიც არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.
მისი თქმით, დამკვირვებლებს ესაუბრა, როგორც ხელისუფლების შეცვლის საჭიროებაზე, ასევე წინასარჩევნო გარემოზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებობს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს ყურადღების ცენტრში და არჩევნებზე დამკვირვებლად გვესტუმრა ყველა წამყვანი, დემოკრატიული, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია.
საუბარი გვქონდა ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან საქართველო ამ კონტექსტში ატარებს ამ არჩევნებს. გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემური რჩება, რადგან კვლავ დომინირებს ფული, ადმინისტრაციული რესურსი, მედიარესურსი და საარჩევნო კამპანიიდან განდევნილია არგუმენტი, აზრი ხედვა, პროგრამა.
ეს არის დამახასიათებელი მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაგრამ ჩვენ, საქართველოს გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გაცილებით უფრო წინ. უფრო კონკრეტულად, ამ არჩევნებს ახასიათებს განსაკუთრებულად რთული დამოკიდებულება ყოფილ და მოქმედ სახელისუფლებო სისტემებს შორის, რაც ქვეყანას ანგრევს. ამიტომ დამკვირვებლებს, ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში ასევე ვმუშაობდი საპარლამენტო ასამბლეებში, გავაცანი ჩემი ხედვები ქვეყნის განვითარების თაობაზე, როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ასევე იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღე იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი" - განაცხადა უსუფაშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.