ტელეკომპანია "იბერიას" ტელეწამყვანმა არჩილ გამზარდიამ "ომეგას" ამუშავების შესახებ ინფორმაცია მედიით გაიგო.
როგორც "პრაიმტაიმს" გამზარდიამ განუცხადა, სახელმწიფოს ისედაც ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს მარტივი პრობლემა გადაეწყვიტა და არ მოჰყოლოდა ის მოვლენები, რაც მოჰყვა.
"სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ უარი თქვა დავალიანების გადახდის პროცესში ომეგას 10 მილიონზე და ახლა მარტივად დაყაბულდა 1თუ 2 მილიონს. სახელმწიფოს ვალდებულება იყო რესტრუქტურიზაციაც და აქციზების მიცემაც წარმოებისათვის.
ეს იყო გარიგება თუ ბოლოსდაბოლოს ხელისუფლება "მოეგო გონს", ამას მარტივად მივხვდებით იმის მიხედვით, გაიცვალა თუ არა შეთანხმებაში ტელეკომპანია "იბერია", რაზეც ჩანაწერებში იყო საუბარი და ტელეკომპანიის აღდგენის შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა სარედაქციო თავისუფლება და კრიტიკულობა ხელისუფლებისადმი ზედმეტი ლოიალურობით.
ნებისმიერ შემთხვევაში, "ომეგას" ამუშავება სასიხარულო ინფორმაციაა, რადგან ადამიანები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს ფაბრიკაში და ულუკმაპუროდ არ დარჩებიან, მაგრამ... ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და არაერთი ჩემი თანამშრომელია "იბერიაზე", რომელიც ამ დაპირისპირებებს შეეწირა და დარჩა უსამსახუროდ, ისე, რომ დიდი ალბათობით ვერც დაუბრუნდება სამუშაო ადგილს.
იმედი მაქვს ტელეკომპანია აღადგენს მუშაობას და არ დაემუქრება "იმედიზაცია", იქნება ისევ ისეთი კრიტიკული და მამხილებელი ხელისუფლებისა" - განაცხადა გამზარდიამ.
"ომეგა ჯგუფმა" ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა.
როგორც "პრაიმტაიმს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.