ანრი ოხანაშვილი - „როგორც ჩანს ბატონი ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან

15:53 10-27-2018
59

„როგორც ჩანს ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მისასალმებელია ომეგა ჯგუფის გადაწყვეტილება, „რადგან ომეგა ჯგუფმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა. ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათა ხელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას“, აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნეს ინტერესს არ გადაყვეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ომეგა ჯგუფმა" ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა. როგორც "პრაიმტაიმს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.

ავტორი: