"არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის“ მიერ ფაბრიკის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.
„არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს.
მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი ამბობს, რომ ტელევიზიის გამო, სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.
„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა „ომეგა ჯგუფის“ ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს“, - დასძინა ვოლსკიმ.