ანალიტიკოსი გია აბაშიძის ინფორმაციით, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, ვალის გადახდა ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც სწორი ნაბიჯები გადაიდგა.
მივესალმები, რომ დაიწყოს ბიუჯეტში არსებული დავალიანების გადახდა, ასევე, მივესალმები შემხვედრ ნაბიჯებს ფინანსთა სამინისტროსგან და ხელისუფლებისგან, რომ მზად არიან ხელახალი გრაფიკი გაუკეთონ და ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინონ. უნდა ისწავლონ ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომ გადასახადი უნდა გადავიხადოთ. როგორც კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი, ასევე, გადასახადის გადახდა არის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მოქალაქის, ბიზნესმენი იქნებ თუ სხვა. კულუარული წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ, ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ფულის გადახდა დაეწყო და ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამაზე უნდა ქონოდა გუშინ ბრიფინგი. შესაძლოა სხვასთანაც ათანხმებდა, გადაეხადა თუ არა, დაენიშნა თუ არა ბრიფინგი. იგი ამ გადაწყვეტილების მიღებაში მარტო არ იყო და არ გამოვრიცხავ, შესაძლოა ჰქონოდა მოლაპარაკება ამ გადაწყვტილებების მიღება-არმიღებაზე - განაცხადა აბაშიძემ.
ომეგა ჯგუფმა ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა. როგორც პრაიმტაიმს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.