დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობას და ევროპულ ხვალინდელ დღეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე.
„ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე. რაც მთავარია, საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობას და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში. სწორედ ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი. ამიტომ მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებულ შეკითხვას, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურის ჩატარების მაღალი ალბათობა არსებობს.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი ამოცანაა საქართველოში მშვიდობით შეცვალოს ცხოვრება უკეთესისკენ.
„რა თქმა უნდა, მეორე ტური შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს ძალიან მეორე ტურის. დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, მათ შორის იქნება ეს პირველი ტური თუ მეორე ტური. ამოცანაა რომ გავიმარჯვოთ, ამოცანაა რომ წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამოცანაა რომ საქართველოში, სიმშვიდით, მშვიდობით შევცვალოთ ცხოვრება უკეთესისკენ“, - განაცხადა ბაქრაძემ.