„წავედი, დავიპყრო სამყარო და მოვალ“ - კესარია მსოფლიო კონკურსზე გაფრინდა

18:51 10-28-2018
874
თეგები: კესარია

28 ოქტომბერს ბარსელონაში მსოფლიო კონკურსი „მის ტრანს ვარსკვლავი“ ტარდება. საქართველოს კესარია აბრამიძე წარადგენს. რამდენიმე წუთის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „მე წავედი, დავიპყრო სამყარო და მოვალ“.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც კესომ გამგზავრებამდე „პრაიმტაიმს“ მისცა.

 კესო, როგორია ემოციები კონკურსის წინ?

 თავიდან მარტივად მეგონა იქნებოდა ყველაფერი. რთული აღმოჩნდა. მთელი კონტრაქტი მომივიდა, რომელშიც გაწერილია ყველა დეტალი, რამდენიმე სამოსი, რომლის წარდგენაც მომიწევს კონკურსზე. მათ შორის არის ნაციონალური სამოსი, რომელსაც „მარი გოლდი“ მიკერავს. ყველას ჰგონია, რომ მე უკვე გამოვამზეურე სამოსი, რომლითაც წარვდგები უცხოელი ჟიურის წინაშე, მაგრამ ასე არაა. არცერთი კოსტიუმი არ დაიდება სოციალურ ქსელში. მხოლოდ კონკურსზე გამოჩნდება ჩემი სასცენო სამოსი. კიდევ ვიკერავ კოქტეილის კაბას, თეთრი ფერის საღამოს კაბას, ეს დრესკოდია. დრესკოდია, ასევე, სტაფილოსფერი საცურაო კოსტიუმი. ფეხსაცმლის ფერიც კი თავად შეარჩიეს და მათ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო.

 ამ კონკურსში მონაწილეობისთვის სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური ქასტინგი გაიმართა, ეს არ მომხდარა საქართველოში, შენ კონკურსგარეშე მოხვდი მსოფლიო კონკურსზე. რატომ?

 მხოლოდ ქასტინგი არა, კონკურსები გაიმართა ამ ქვეყნებში. მე მხოლოდ ვიდეორგოლი მომთხოვეს. აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი მაკიაჟის გარეშე, საცურაო კოსტიუმში. ეს იყო და ეს. თავიდან კონტრაქტს არ ვაწერდი ხელს, მერე როლში შევედი და ვიფიქრე, რატომაც არა.

 როგორ ემზადები?

 განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. არ მაქვს წონის პრობლემა, იდეალური სტანდარტები მაქვს. უფრო კოსტიუმებზე ვმუშაობ და ფსიქოლოგიურად ვემზადები. ძილის გრაფიკის მოწესრიგება მჭირდება მხოლოდ. ღამით გვიანობამდე არ ვიძინებ და ესაა ჩემი პრობლემა. იქ სხვა რეჟიმზე გადაწყობა მომიწევს.

 რას ჰპირდები შენს გულშემატკივარს?

 ეს არ არის ჭიდაობა, ეს სილამაზის კონკურსია. შესაბამისად, დაპირებებს ვერ ვიძლევი. საუკეთესომ უნდა გაიმარჯვოს. ჟიური საერთაშორისოა. ასე რომ, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი