შეზღუდვები მარიხუანას მოხმარებაზე - პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს

13:26 10-30-2018
126

იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, დაწესდება შესაბამისი რეგულაციები და შეზღუდვები, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე, დაწესდება ჯარიმა, როგორც 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ისე, ნარკოტიკული თრობის ქვეშ საჭის მართვის მომენტში.

„ტესტს აქვს ფუნქცია განსაზღვროს მოხმარების დრო, ანუ როდის მოიხმარა. ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ვსჯით მხოლოდ ისეთ პირებს რომლებიც ავტომობილის მართვის მომენტისთვის იმყოფებიან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. თუ პირმა 40 დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ან თუნდაც სამი დღის წინ და სისხლში ჯერ კიდევ აქვს და მართავს ავტომობილს, მაგრამ კლინიკურად ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ეს რომ გადავამოწმოთ დღეისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები, შსს პასუხისმგებელი პირები, ექსპერტები აკეთებენ ამას, მომავალში ამას ჩაანაცვლებს შესაბამისი ტესტები, როგორიც გვაქვს მაგალითად ალკოტესტი.

ამ ტესტების საბოლოო შესყიდვის პროცედურები არ დაწყებულა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კანონის ამოქმედება არ გადავდოთ. ტესტის გარეშეც შესაძლებელია კანონის აღსრულება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე, სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული როგორც ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევა-შეზღუდვა.

ასევე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ იქნება დასჯადი.

კანონში ამ ცვლილებების შეტანაზე, მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც საკონსტიტუციო სასამართლო პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასაშვები გახადა.

 

ავტორი: