„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" დაამტკიცეს, რომ არასდროს დაშლილან. ეს ვითომ დაშლა და განქორწინება იყო ფარსი. ისევ დაქორწინდნენ და ისევ ერთ ხმაში მუშაობენ" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არავითარ სემთხვევაში არ შეიძლება დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნება.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გამოსწორდეს, სად რა არის შესაცვლელი იმისთვის, რომ რაც კეთდება უკეთესად დავანახოთ საზოგადოებას. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნებას. ეს არის გამორიცხული. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა არის ძალიან ბევრი და ეს აუცილებლად დაფიქსირდება მეორე ტურში, რათა არ დაბრუნდნენ მწამებლები" - ამბობს მათიკაშვილი.
მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში, საპროტესტო მუხტი შეიქმნას.
„არ მინდა, ეს ყველაფერი ასეთ მუქ ფერებში დავინახო, მაგრამ გედევან ფოფხაძეს ვეთანხმები, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შესაძლებელია დაგროვდეს იმის გამო, რომ ქვეყანას პრეზიდენტად დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი დაუბრუნდეს. საპროტესტო მუხტი შეიძლება აიწიოს. აუცილებელია, ყველა არჩევნებზე მივიდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ქვეყანას აუცილებლად ევროპული ორიენტაციის პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ძალიან მცირე სხვაობით დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38,6%, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7% მიიღო. შედეგად, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.