"ინტენსიური სარეკლამო კამპანია ახლავს, ისეთი ტექნოლოგიაა ჩართული, შეიძლება თავ-გზა აგიბნიოს..." - მეუფე გრიგოლი საარჩევნო პროცესზე

11:57 10-31-2018
148

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, კვირას ხობის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

დღეისთვის, მონობა, როგორც ასეთი, ოფიციალურად მართალია, უარყოფილია, აღარ არსებობს, მაგრამ უზომოდ გაიზარდა და დაიხვეწა ადამიანის თავისუფალ ნებაზე შეტევისა და ზემოქმედების საშუალებები. დააკვირდით, როგორ ინტენსიურად ხორციელდება ზეგავლენა ადამიანის გონებაზე ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტით და სხვა საშუალებებით. თითოეული მათგანი ცდილობს „დაგეხმაროს“ არჩევანის გაკეთებაში, გადაწყვეტილების მიღებაში, შემოთავაზებული სარეკლამო იდეისა თუ სხვა სახის პროდუქტის სასარგებლოდ.

...და შენ, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებ არა იმიტომ, რომ ეს შენი ნებაა, არამედ იმიტომ, რომ ასე ჩაგაგონეს.

მსურს ასევე თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

თქვენ, ალბათ, გარდა კომუნისტური პერიოდისა, ვერ გაიხსენებთ მშვიდ გარემოში გამართულ არჩევნებს. დიდი დრო ჯერ არ გასულა იმ პერიოდიდან, როდესაც ერთ ადამიანს მიჰქონდა თავისი მეზობლებისა თუ ოჯახის წევრთა და სხვათა ბიულეტენები და უპრობლემოდ ყრიდნენ საარჩევნო ყუთებში; არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები ქმნიდნენ ვინმესთვის პრობლემას (ისინი სულაც არ იყვნენ საჭირონი). ეს ე.წ. „არჩევნები“ იყო წმინდა წყლის ფორმალობა, მაგრამ დღეს მდგომარეობა სხვანაირია;

დღეს შენ პირდაპირი წესით მონაწილეობ შენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, და ეს დიდებულია, მაგრამ დაუკვირდით აქვე, როგორი ინტენსიური სარეკლამო კამპანია ახლავს ამ პროცესს; ლამის არის და თავ-ბრუ დაგახვიოს; აქ ისეთი ტექნოლოგიაა ჩართული, შეიძლება თავ-გზა აგიბნიოს; სამწუხაროდ, აქ ყოველგვარი წითელი ხაზები წაშლილია; პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია;

რას იზამ, თავისუფლება არ ყოფილა ადვილი; თავისუფლებას სწავლა უნდა; შინაგანი იძულება საკუთარ თავზე, ანუ შრომა, ფიქრი, აზროვნებაა საჭირო. მხოლოდ ასე შეგიძლია დაიცვა შენი თავი და შენი თავისუფალი არჩევანი ტოტალური მედიაშეტევისგან (და არა მხოლოდ).

არც ის შეიძლება, რომ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში მოაქციო და შეშინებულმა ყველას და ყველაფერს ზურგი აქციო; არამედ ადამიანმა უნდა იფიქრო, რომ როგორც ადამიანს და როგორც მოქალაქეს, პასუხისმგებლობა გაკისრია ღვთის წინაშე, საკუთარი სამშობლოსა და დანარჩენი სამყაროს წინაშე. ჩვენს აზროვნებას სჭირდება მასშტაბები და სიღრმე.

არასდროს უარი არ თქვა აზროვნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უარს იტყვი ადამიანობაზე, ამ საოცარ სიმდიდრეზე, ღირსებაზე, ღირებულებებზე, რაც ღმერთმა მოგცა, თორემ უმალ ცხოველად იქცევი, თუმცა ცხოველზე უარესი იქნები, რადგან შენ უფრო მეტისთვის ხარ მოწოდებული, ვიდრე მხოლოდ ჭამა, სმა და ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

შენ ხარ მოაზროვნე, გონიერი არსება, არსება, რომელსაც თავისუფალი არჩევანი გააჩნია და სწორედ ამით ხარ ღმერთს მიმსგავსებული; არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმო შენი თავისუფლება; უნდა მოუფრთხილდე მას და გამოიყენო გონივრულად. გონივრულად რომ გამოიყენო, ამისთვის აუცილებელია აზროვნება, ანალიზის უნარი (ე.ი. კრიტიკული აზროვნება); არ დაელოდო, ვინ რას მოგიტანს, ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაც მოვა და სამშობლოს გაგიბრწყინებს, ოჯახს აგიყვავებს.

ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა; შესაბამისად, ნურც ჩვენ მოვიტყუებთ თავს ილუზიებით და ნურც სხვას მოვატყუებინებთ. ღმერთი გვახსოვდეს! პატივს მივაგებდეთ მას ყოვლითა გულითა და გონებით, სიყვარულითა და ერთგულებით!

ასევე გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარდა კიდევ სხვა ადამიანებიც არსებობენ და შენ თუ კარგად ხარ, დაფიქრდი იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგად ყოფნა;

ირგვლივ თუ იქნება მოთქმა და ტირილი, გაჭირვება და შიმშილი, შენი სავსე ბეღელიც კი ვერ მოგიტანს სიხარულს. ვეცადოთ, რომ ერთმანეთი გავათბოთ და გავახაროთ, ქვეყნის ბეღელი გავავსოთ და არა თითო-ოროლა კაცისა.

გაიხარეთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ღმერთმა დალოცოს მისი მომავალი.

...და კიდევ, ბედისწერაზე მკითხაობას დავანებოთ თავი. ბედისწერა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ შენ დღეს. იმოქმედე სინდისის კარნახით; მოიქეცი ისე, როგორც სწორია და საჭირო, და რაც ამის შედეგი იქნება, ის იქნება ჩვენი ბედიც, - აღნიშნა მეუფემ.