პრეზიდენტი: საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და ინტენსივობით ვითარდება

10:31 11-01-2018
72

საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და ინტენსივობით ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენი მოწოდება და ჩვენი ორიენტაცია ურყევია; ტრიალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის და თემის ირგვლივ. პირველი - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი არჩევანი და ნება გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამ პროცესს ქართული მთავრობები ახორციელებენ დიდი მოწოდებითა და ერთგულებით. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ის წარმატებები, რასაც ქართული მხარე ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით აღწევს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის როგორც წვრთნების პროგრამები, ეს არის როგორც პოლიტიკური დიალოგი, ასევე თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატო-ს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დღეს არ შემიძლია თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა მათ უდიდეს ღვაწლს, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. დიდება იმ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ბრძოლის ველზე ამ ღირებულებებისთვის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დატოვა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.