ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
"საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო - ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა" - განაცხადა პრემიერმა.