საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან არჩევნების შედეგებსა და მოლოდინზე ისაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება და როგორც "ქართული ოცნების", ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას.
ცქიტიშვილის თქმით, ამომრჩეველი დაინახავს, რომ მის ხმას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და აქვს უნარი შეცვალოს ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს.
„ის ადამიანებიც მოვლენ, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ზოგმა იმის გამო, რომ ეგონათ მათი მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებდა კანდიდატი. ზოგს შეიძლება გული აუცრუვდა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა მაქვს იმედი, რომ ახლა ამომრჩეველი დაინახავს, რომ მის ხმას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და აქვს უნარი შეცვალოს ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს.
რაც შეეხება შედეგებს, ბუნებრივია ესაა ამომრჩევლის გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ ისინი არ არიან კმაყოფილი მუშაობის ტემპით, გადაწყვეტილების მიღების ტემპით ან თავად გადაწყვეტილებებით. თუმცა, მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მხრიდან ბევრი საქმე არაა სათანადოდ წარმოჩენილი და გადაფარულია ნეგატიური და ცილისმწამებლური კამპანიით, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური იქნება ბევრად უფრო აქტიური და ვისურვებდი კამპანიაც იყოს უფრო პოზიტიური, ნაკლებად აგრესიული. ამომრჩეველმაც შეაფასოს ის საქმე, რაც გაკეთდა „ქართული ოცნების" პირობებში და ასევე ის საფრთხე, რაც მისი მეტ-ნაკლები აქტიურობის შედეგად შეიძლება დადგეს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.