,,იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა"- სესიაშვილი ,,ქართული ოცნების" შეცდომებზე საუბრობს

13:00 11-01-2018
91

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრობს "ქართული ოცნების" იმ მთავარ შეცდომებზე, რომელიც მათ დაუშვეს. სესიაშვილი ერთ-ერთ მთავარ შეცდომად ამომრჩეველთან ნაკლებ კომუნიკაციას ასახელებს. მისი თქმით, ეს შეცდომები და პრობლემები კომპლექსური იყო.

„არ შეიძლება ერთი გამოვყოთ. იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა. მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრი სახელმწიფო საქმით ხარ დაკავებული. მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ გამოწვევებს შეეხება სხვა საკითხებთან ერთად, არ მყოფნის დრო საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში მინდა მოვუხადო. როდესაც არის არჩევნები და ასეთი ვითარება, თავისთავად უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება",- განაცხადა სესიაშვილმა უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" მეორე ტურისთვის რესურსის სრულ მობილიზაციას ახდენს.

„ამის რესურსი გაგვაჩნია. ჩვენ ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც დადგა. პრობლემები და შეცდომები პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.