„ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ გუნდს კითხვით მიმართავს, იღებენ თუ არა ისინი „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას", - ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, მათი მხარდაჭერის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაადასტურებს ამ ჯგუფების შექმნაში მის მონაწილეობას.
„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები. გუშინ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს„პატრიოტთა ალიანსმა" და „ქართულმა მარშმა", ასევე სხვა წვრილმა ჯგუფებმა, რომელთა შესახებ ყველაფერი ცნობილია. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ პოლიტიკურ ჯგუფს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა მხარდაჭერას ამ ჯგუფებისგან, გეგმავენ თუ არა რომ შეირგონ, თუ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი აქვთ. თუ არ გაემიჯნებიან და პოზიციას არ დაადასტურებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ, თუ რატომ არ შეიძლება პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს ამ ადამიანს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, გუნდისთვის, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, ის გუნდი თვითიდენტიფიკაციას ახდენს.